Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა სირიის ოპოზიციას აფინანსებს


საპროტესტო გამოსვლა ქალაქ ბაიდაში
საპროტესტო გამოსვლა ქალაქ ბაიდაში
ამერიკის შეერთებული შტატები საიდუმლოდ აფინანსებს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ოპონენტებს, - ამის შესახებ წერს „ვაშინგტონ პოსტი“, ვებსაიტ „ვიკილიკსის“ მიერ მიწოდებულ დიპლომატიურ დეპეშაზე დაყრდნობით. ანგარიშის თანახმად, 2006 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა ლონდონში არსებული სატელიტური არხის დასაფინანსებლად. ანგარიშის გამოქვეყნება დაემთხვა ვითარებას, როდესაც სირიაში სასტიკი დაპირისპირება გრძელდება სახელმწიფო ძალებსა და ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილეთა შორის.

„ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, ექვს მილიონ დოლარად დაფინანსებული სატელიტური არხის სახელწოდებაა „ტელეკომპანია ბარადა“, რომელმაც მაუწყებლობა დაიწყო 2009 წელს და სულ ახლახან კიდევ უფრო გააფართოვა საქმიანობა იმით, რომ აშუქებს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის წინაღმდეგ გასულ თვეში აგორებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს. „ვაშინგტონ პოსტს“ მოხმობილი აქვს ციტატა „ვიკილიკსის“ მიერ გამოუქვეყნებელი დიპლომატიური დეპეშიდან, რომლის თანახმად, სირიის ოპოზიცია პირველად დაფინანსდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, ბუშისა, რომელმაც 2005 წელს გაყინა ურთიერთობა დამასკოსთან. ფულადი დახმარება გაგრძელდა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დროსაც, მიუხედავად მისი ადმინისტრაციის მცდელობისა, აღადგინოს ურთიერთობა ბაშარ ასადთან.

შეერთებული შტატების მთავრობამ უარი თქვა გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტირებაზე. ბევრ სირიელ მაყურებელს ეს ინფორმაცია არ გაჰკვირვებია, ისევე როგორც შვეიცარიაში მცხოვრებ სირიელ ოპოზიციონერ ბლოგერს ხალილ ჰაბაშის. თუმცა პუბლიცისტი დარწმუნებულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფულს არაფერი აქვს საერთო სირიაში მიმდინარე არეულობებთან:

„არაფერია გასაკვირი იმაში, რომ აშშ ეხმარება ერთ კონკრეტულ ჯგუფს, ტელეკომპანია „ბარადას“, რომელიც დაახლოებულია ორგანიზაცია „მუსლიმანურ საძმოსთან“. მაგრამ ესაა 6 მილიონი დოლარი, 2006 წლიდან მოყოლებული, და თანაც ამ თანხის დიდი ნაწილის გადაცემა მოხდა პირველ წლებში. 6 მილიონი დოლარი კი სრულიადაც არ არის საკმარისი სირიის მსგავსი რეჟიმის დასამხობად. თანაც, ვაშინგტონი ეხმარება ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც სირიაშიც კი არ იმყოფება და არავითარი გავლენა არ შეუძლია მოახდინოს ვითარებაზე. სახალხო მღელვარებას სირიაში არაფერი კავშირი არა აქვს მუსლიმანურ საძმოსთან.“

თუმცა „ვიკილიკსის“ მიერ ამ დეპეშის გამოქვეყნების შემდეგ სირიაში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების აქტივისტები შეეცდებიან თავი განზე დაიჭირონ ბრალდებისაგან, რომელიც უკავშირდება შეერთებული შტატების მიერ რაიმე სახის დაფინანსებას. „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტაჟი, შესაძლოა, რაღაც ცუდს უქადდეს ოპოზიციასო, - ამბობს ოპოზიციონერი ბლოგერი ხალილ ჰაბაში:

„ეს არის ცუდი ამბავი ოპოზიციისათვის მაშინ, როდესაც ქვეყანაში სახალხო გამოსვლებია. სირიის რეჟიმი დიდი ხანია ცდილობს, რომ მღელვარება წარმოადგინოს როგორც ინტერვენცია, როგორც ქვეყნის გარეთ დაგეგმილი შეთქმულება. ასე რომ, შესაძლოა ეს იყოს სირიაში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაციის საშუალება.“

„ვიკილიკსის“ მიერ მოპოვებული ანგარიში პრესაში გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც სირიაში ძალადობამ ახალი ძალით იფეთქა. გასულ კვირაში პრეზიდენტმა ასადმა არ შეასრულა პირობა, რომ გააუქმებდა საგანგებო სიტუაციას, რომელიც ქვეყანაში 50 წლის განმავლობაში მოქმედებს. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ცენტრალურ ქალაქ ჰომში სამთავრობო ჯარებმა 8 დემონსტრანტი მოკლეს, ერთი თვის განმავლობაში კი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით საპროტესტო აქციებში მონაწილე 200 კაცი იქნა მოკლული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG