რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახურის ცნობით, კიშინიოვმა 2025 წლის მარტის ბოლოს რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი გააძევა და რუსეთი პრორუს დეპუტატ ალექსანდრე ნესტეროვსკის დახმარებაში დაადანაშაულა. მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურის (SIB) ხელმძღვანელის, ალექსანდრუ მუსტიაცეს განცხადებით, რუსმა დიპლომატებმა ნესტეროვსკი სასამართლო პროცესის წინა დღეს არაღიარებულ დნესტრისპირეთში გადაიყვანეს.
"ჩვენ გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ რუსეთი დაეხმარა ალექსანდრე ნესტეროვსკის, რათა თავი დაეღწია დაპატიმრებისგან. ეს ქმედებები მოლდოვის წინააღმდეგ ჰიბრიდული აგრესიის მექანიზმის ნაწილია, რომლის შესახებაც სპეცსამსახურმა არაერთხელ გაგვაფრთხილა", - განაცხადა მუსტიაცემ. მოლდოვაში რუსეთის საელჩომ SIB-ის ხელმძღვანელის სიტყვებს "უსაფუძვლო ინსინუაციები" უწოდა."
მოლდოვის SIB-ის წარმომადგენლებმა აჩვენეს ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ შევიდა ნესტეროვსკის მსგავსი მამაკაცი რუსეთის საელჩოში 18 მარტის საღამოს, ხოლო 19 მარტს რუსული დიპლომატიური ნომრებიანმა მანქანამ დატოვა საელჩო და შემდეგ დნესტრისპირეთში შევიდა.
ნესტეროვსკი მოლდოვის პარლამენტის პრორუსი წევრია. 2025 წლის 19 მარტს კიშინიოვის სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 500 000 ლეი (27 000 დოლარი) პასიური კორუფციისა და პარტიის უკანონო დაფინანსების პირობების შექმნისთვის. პროკურატურის ცნობით, მან გაქცეული ოლიგარქის ილან შორისგან მინიმუმ 35 000 დოლარი მიიღო სოციალისტური პარტიიდან "აღორძინების" პარტიაში გადასვლისთვის. გარდა ამისა, გამოძიების თანახმად, ნესტეროვსკიმ დაარწმუნა ყოფილი დეპუტატი არინა სპეტარუ, რომ შეექმნა პროევროპული პარტია, რომელიც შორის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებდა და ამისთვის გადასცა მას 50 000 დოლარი და 100 000 ლეი (5,4 ათასი დოლარი). ნესტეროვსკის წინააღმდეგ გამოძიება 2023 წელს დაიწყო. სასამართლო სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე ვლადიმირ პუტინმა ნესტეროვსკის რუსეთის მოქალაქეობა შესთავაზა მოლდოვაში მის "დევნასთან" დაკავშირებით.
ილან შორთან და მის პრორუსულ პარტიასთან კავშირის გამო მარტის ბოლოს კიშინიოვში დააკავეს მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსულად განწყობილი მეთაური ევგენია გუცული. რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ გუცული 25 მარტს, საღამოს დააკავეს კიშინიოვის აეროპორტში, საიდანაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიურ ოლქში მძლავრობს სეპარატისტული და პრორუსული განწყობები.
2024 წელს ევგენია გუცულს სანქციები დაუწესეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა.
ფორუმი