კიშინიოვში დააკავეს მოლდოვის ავტონომიური ოლქის, გაგაუზიის პრორუსულად განწყობილი მეთაური ევგენია გუცული. რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურს კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ გუცული 25 მარტს, საღამოს დააკავეს კიშინიოვის აეროპორტში, საიდანაც ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
ევგენია გუცულს ბრალს დღეს, 26 მარტს, წარუდგენენ.
მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ორი საქმე. ერთი ეხება პოლიტიკური საქმიანობის უკანონოდ დაფინანსებას(რუსეთიდან), ხოლო მეორე 2022 წელს კიშინიოვში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობას. ევგენია გუცული ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
25 მარტს მოლდოვის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დაასრულა მტკიცებულებების წარდგენა პრორუსული პარტიის, ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებული „შორის“ უკანონო დაფინანსების საქმეზე, რომელშიც ევგენია გუცულთან ერთად ფიგურირებს პარტიის მდივანი სვეტლანა პოპანი.
მოლდოვის გაგაუზიის ავტონომიურ ოლქში მძლავრობს სეპარატისტული და პრორუსული განწყობები.
2024 წელს ევგენია გუცულს სანქციები დაუწესეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა.
ფორუმი