Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„საფრთხეს არ წარმოადგენს“ - „სოფლის ნობათი“ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებაზე, რაც მის პროდუქციაში აღმოაჩინეს

„საფრთხეს არ წარმოადგენს“ - „სოფლის ნობათი“ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებაზე, რაც მის პროდუქციაში აღმოაჩინეს


„საფრთხეს არ წარმოადგენს“ - აცხადებს „სოფლის ნობათი“ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებაზე, რაც მის პროდუქციაში აღმოაჩინეს.
„საფრთხეს არ წარმოადგენს“ - აცხადებს „სოფლის ნობათი“ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებაზე, რაც მის პროდუქციაში აღმოაჩინეს.

„სოფლის ნობათი“ ეხმაურება სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობას კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველი რძის პროდუქტების აღმოჩენის შესახებ და ამბობს, რომ ეს იყო „აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტია“.

„ჩვენ ვწყვეტთ თანამშრომლობას ზემოხსენებულ აზერბაიჯანელ პარტნიორთანაც მანამ, სანამ ყველა ტექნიკური დეტალი არ დაზუსტდება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მაშინ, როდესაც სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, „არ გამოიყენოს აღნიშნული რძე“, კომპანია ამტკიცებს, რომ „პროდუქტი მომხმარებლისთვის საფრთხეს არ წარმოადგეს“.

„სააგენტოს დადგენილებით, არსებობს ვარაუდი, რომ იგი შესაძლოა ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს“, - აცხადებს „სოფლის ნობათი“.

  • 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.
  • აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

„სოფლის ნობათი“ 3 აპრილს, საღამოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „მოთხოვნების ტექნიკურ დეტალებში შეუთანხმებლობისა და გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად“, კომუნიკაცია აქვს შესაბამის ორგანოებთან, „რათა ყველაფერი უფრო ცხადი და გასაგები გახდეს“.

„მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, რძის აღნიშნული პარტია უახლოეს საათებში სრულად იქნება ამოღებული გაყიდვიდან“, - აცხადებს კომპანია.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საღამოს 9 საათზე განაცხადა, რომ „მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა“.

„სოფლის ნობათი“ წერს იმასაც, რომ ეს საკითხი ვრცელდება „მხოლოდ აზერბაიჯანში წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის მცირე რაოდენობაზე და არანაირად არ მოქმედებს სოფლის ნობათის ქართულ საწარმოში დამზადებულ პროდუქტებზე“.

სურსათის ეროვნულის სააგენტოს გავრცელებულ ფოტოებში, რაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველ პროდუქციას ეხება, ჩანს, რომ ეს პროდუქცია იყიდებოდა „სოფლის ნობათის“ ბრენდით. კერძოდ აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა შემდეგ ხუთ ნიმუშში:

  • სასმელი რძე "საბავშვო", ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
  • სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
  • ⁠ სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
  • სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
  • სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.

მაია ბუწაშვილმა, ექიმმა-ინფექციონისტმა კლინიკა „ნეო ლაბიდან“ ფეისბუკზე განმარტა, რომ აფლატოქსინი წარმოადგენს ტოქსიკურ და კანცეროგენურ ნივთიერებას, რომელსაც გამოიმუშავებს სოკოების ზოგიერთი სახეობა (Aspergillus):

  • „აფლატოქსინის ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანება. მწვავედ განვითარებული სიმპტომები შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ღებინება, სიყვითლე და სხვა.
  • ხანგრძლივი ზემოქმედებით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და კიბო.
  • ორსულების ორგანიზმში ტოქსინის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო მეძუძური დედის შემთხვევაში ტოქსინი შეიძლება დედის რძეში მოხვდეს და ბავშვის ჯანმრთელობის რისკი შექმნას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG