Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„სოფლის ნობათის“ რძეში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება გამოვლინდა - სურსათის სააგენტო

„სოფლის ნობათის“ რძეში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება გამოვლინდა - სურსათის სააგენტო


ფოტოკოლაჟი. "სოფლის ნობათი"
ფოტოკოლაჟი. "სოფლის ნობათი"

სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოში" ("სოფლის ნობათი") 28 მარტს ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ. სააგენტოს თანახმად, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა.

აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა შემდეგ ხუთ ნიმუშში.

  • სასმელი რძე "საბავშვო", ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
  • სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
  • ⁠ სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
  • სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
  • სასმელი რძე "რჩეული", ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით. დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.


სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, კომპანიას დაევალა, დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, "არ გამოიყენოს აღნიშნული რძე".

ამასთან, სააგენტო წერს, რომ ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა "დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად".

შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის ხუთი ნიმუშის აღება (რომელთაგანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი) და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა; ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG