ახალი პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ლიდერმა ვადო მაჭავარიანმა პრესკონფერენციაზე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „სართული - ახალი თაობის ძალა" სრულიად ახალი სახეებითაა დაკომპლექტებული“; ისინი არიან ახალგაზრდები, რომელთაც უკვე არსებული პოლიტიკური სპექტრისგან „სისუფთავე“, „პროფესიონალიზმი“ და „შინაარსზე ორიენტირებული ხედვა“ განასხვავებთ.
პოლიტიკური მოძრაობის ოფიციალური პრეზენტაცია, ვადო მაჭავარიანის განცხადებით, „ერთ-ორ თვეშია დაგეგმილი“, მანამდე „სართული - ახალი თაობის ძალა“ კარს უხსნის ყველას, ვინც დაიღალა „ძველი პოლიტიკური სიბინძურით“ და „სადღეგრძელოების ნაცვლად მოქმედების გეგმას ემხრობა“.
„გელოდებით ყველას, ვინც ხვდება და იაზრებს, რომ საჭიროა ევროპული, მაგრამ, რაც მთავარია, ეროვნული ძალები, ვინც დაიღალა ძველი პოლიტიკური სიბინძურით, ვინც დაიღალა იმით, რომ პირად ინტერესებს შეეწირა აწმყო, ჩვენი მომავალი ეწირება, ადამიანები გადიან ქვეყნიდან და ვინც დაიღალა იმით, რა სიტუაციაც დღესაა და ვინც ფიქრობს, რომ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო, სადღეგრძელოების ნაცვლად საქმის კეთებაა საჭირო“, - თქვა ვადო მაჭავარიანმა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, „დერბის“ უნივერსიტეტსა და „ევროპის ბიზნესის სკოლა ბარსელონაში“.
მამამისი, მიხეილ მაჭავარიანი, ქართველი პოლიტიკოსია, საქართველოს პარლამენტის ხუთგზის წევრი, საგადასახადო შემოსავლების მინისტრი 1999-2001 წლებში, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2001-2002 წლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი იყო. მონაწილეობდა "ვარდების რევოლუციაში", როგორც ერთ-ერთი ლიდერი და ზურაბ ჟვანიას გუნდის წევრი. 2008 წლიდან პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. 2012 წლის მარტში დაინიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად და თანამდებობას იკავებდა 15 ოქტომბრამდე. 2016 წელს განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.
ბიძა, ვანო მაჭავარიანი, 2016-2018 წლებში ასრულებდა მდივნის მოადგილის მოვალეობას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში; მანამდე იყო აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს განვითარების ფონდში, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სს საპარტნიორო ფონდში და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველი.
„ჩემთვის ოჯახის თემა არის წმინდა, ცალკე თემაა და ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ. ოჯახის წევრებზე ყურადღების გამახვილება იაფფასიანი მეთოდია. მოდი, ყველა გამოგვაჩინოს ჩვენმა საქმეებმა. მე იმიტომ ვიწყებ ამ საქმეს, რომ ბევრი რამ, რაც დანატოვარია, თუნდაც მამების თაობის, არის გამოსასწორებელი და ამის გამოსასწორებლად და გასაუმჯობესებლად ვიბრძვი. ძველი პოლიტიკური სიბინძურის ღირებულებები ჩვენთან ახლოს არაა, მაგრამ არც იმას ვფიქრობ, რომ ჩემი ოჯახის წევრების გამო თავი მაქვს სამართლებელი. გვიყურონ, ნახონ ჩვენი "მესიჯები" და დარწმუნდებიან, რომ მართლა ახალი თაობის ძალა ვართ. მე ზრდასრული ადამიანი ვარ, ჩემით ვაკეთებ ყველაფერს და არავის სახელს არ ვეფარები“, - ამბობს ვადო მაჭავარიანი.
მან 2023 წლის აპრილში მეგობრებთან ერთად დააფუძნა ორგანიზაცია „12 სართული“ და მიზნად დაისახა მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე.
სოციალურ პლატფორმებზე აქვეყნებდნენ ვიდეოებსა და საინფორმაციო "ქარდებს" ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცხოვრების ხარისხზე, საკანონმდებლო ჩარჩოზე, ამ გაერთიანების უპირატესობასა და იმ პოზიტიურ გავლენაზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას მოჰყვებოდა.
ახალი პოლიტიკური მოძრაობა სწორედ ამ ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა.
ახალი მოძრაობის წევრები სამოქმედო გეგმაზე დეტალურად ჯერ არ საუბრობენ. მხოლოდ ზოგად ფრაზას ამბობენ: „შინაარსს შევთავაზებთ სხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებულს“.
მოძრაობის წევრების თქმით, მათი მიზანი პოლარიზაციის შემცირება და დიალოგის შესაძლებლობის გაჩენაა. ფიქრობენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მთავარი იარაღი - პროპაგანდა - ვერ დამარცხდება.
„ჩვენ გვინდა ადამიანებს სწორი მიმართულება მივცეთ, გვინდა დავამტკიცოთ, რომ სიტყვებს ფასი აქვს და უნდა გამომდინარეობდეს საქმიდან და განსაზღვრული ნაბიჯებიდან, რაც კონკრეტულ მიზნამდე მიგვიყვანს. ჩვენთვის მიზანი უბრალო, მაგრამ რთულია - აღვადგინოთ ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და გავაჯანსაღოთ გარემო, სადაც ადამიანები ცხოვრობენ. სამწუხაროდ, დღეს არის კონფლიქტური, აგრესიული და ტოქსიკური გარემო, სადაც ადამიანებს აზრების მიმოცვლა უჭირთ. ჩვენი მიზანია, ყველას ვესაუბროთ“, - ამბობს ზურა ჩხეიძე, საჯარო მართვის სპეციალისტი. მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID).
„პოლიტიკური შინაარსის შეტანა აკლია პროტესტს, აქცენტირება პოლიტპატიმრებზე, აქტივობა მოსახლეობის მხრიდანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით, თბილისი ოპოზიციურად განწყობილია. ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ, რომ გავზარდოთ სურვილი აქციებში მონაწილეობის და ადგილზე შევთავაზოთ აქტივობები, რომელში მონაწილეობის სურვილიც გაუჩნდებათ“, - ამბობს მოძრაობის კიდევ ერთი წევრი ზუკა შოშიაშვილი.
ისიც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, უმაღლესი განათლება "კავკასიის უნივერსიტეტში" მიიღო.
როგორ მოიპოვებთ ნდობას? - ამ კითხვაზე უპასუხებს: „სისუფთავით და გულწრფელობით“.
„ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, ძლიერი ოპონენტია, მათი ყველაზე ძლიერი იარაღი კი პროპაგანდაა. ეს ჯერჯერობით არის გადაულახავი ბარიერი ოპოზიციისთვის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის. ყველას გვყავს გარშემო ადამიანი, ვინც არის "ქართული ოცნების" მომხრე და როცა საუბარში შევდივართ, ვხედავთ, რომ პროპაგანდა არის ძლიერი. ამიტომ ჩვენ შევეცდებით, გულწრფელობით ამ ხალხს ვაჩვენოთ ობიექტური სიმართლე, რაც ჩვენ მიგვაჩნია სიმართლედ და ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია და რის მიღებაშიც ხელს უშლით "ქართული ოცნების" პროპაგანდა“, - ამბობს ზუკა შოშიაშვილი.
ვადო მაჭავარიანის თქმით, პოლიტიკური გაერთიანების ფინანსური რესურსი შემოწირულების სისტემას დაეფუძნება, რაც ასევე „სიახლეა ქართულ პოლიტიკაში“ .
მათი გეგმაა, პოლიტიკურ დღის წესრიგში შეიტანონ თემები, რომლებიც ახლა ყურადღების მიღმა რჩება, მაგალითად, კორუფცია.
„გავცდებით "ბაბლს", რომელიც ღირებულია ჩვენთვის, მაგრამ გვინდა მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა, თუნდაც "ქართული ოცნების" ამომრჩეველს. სოციალურ მედიით ამას ვაკეთებდით, მაგრამ ახლა ავუხსნით მათ უკვე პოლიტიკური მოძრაობის სახელით, თუ რატომ ატყუებს მათ პარტია.
დღეს დავკარგეთ დიალოგის და საუბრის შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა, ეს შესაძლებლობა გავაჩინოთ. ტრადიციები და მამული, ენა და სარწმუნოება არ არის ვიღაცის საკუთრება, ამაზე მეტი უნდა ვისაუბროთ და ეროვნული ელემენტი ამიტომაა მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ვადო მაჭავარიანი.
მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათ გუნდს შეუერთდებიან სხვებიც, მათ შორის ისეთებიც, რომელთაც „საზოგადოება იცნობს და პატივს სცემს, თუმცა პოლიტიკოსები არ არიან“. საინტერესოა, იქნებიან თუ არა მათ შორის ქალები, რომლებიც ამ პრეზენტაციაზე სპიკერების რიგებში არ ყოფილან.
ფორუმი