სომხეთის პარლამენტმა დღეს, 25 მარტს, ხმათა უმრავლესობით, საბოლოოდ მიიღო კანონპროექტი ევროკავშირში სომხეთის გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, კანონი გამოხატავს პოლიტიკურ ნებას. საპარლამენტო ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სომხეთი უპერსპექტივო პროცესში შედის.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად სომხეთს დასჭირდება ბევრი რეფორმის გატარება და თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.
სამხრეთ კავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს, თუმცა, 2024 წლის ივნისში, ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და კანდიდატის ვალდებულებებისგან უკან დახევის გამო შეაჩერა ქვეყნის გაწევრების პროცესი და ხელისუფლებას ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისთვის საჭირო ნაბიჯებისკენ მოუწოდა. მათ შორის იყო ე.წ. აგენტების კანონის გაუქმება.
2024 წლის ნოემბერში „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოში დღემდე მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით.
სომხეთის მთავრობამ 2025 წლის იანვარში შეათანხმა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დასაწყებად და პარლამენტს გაუგზავნა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით თებერვალში მიიღო.
რუსეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ სომხეთის ამ ნაბიჯს განიხილავენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლის დაწყებად, რადგან ამ ორგანიზაციის წევრობა შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან.
ფორუმი