ნიკურაძე ყოველდღიურად აშუქებს დედაქალაქში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომელთა მთავარი მოთხოვნებიც ახალი არჩევნების ჩატარება და სისხლის სამართლის წესით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.
ისე, როგორც სხვა დღეებში, 11 და 15 მარტსაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა, ეკეთა პრესის აღმნიშვნელი ნიშანი და ჰქონდა ფოტოკამერა, თუმცა პოლიციამ მაინც დააჯარიმა.
„როცა აქციებზე ვარ, ყოველთვის ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებ. ახლაც მეკეთა პრესკარტა, მქონდა კამერაც...“ - უთხრა მარიამ ნიკურაძემ რადიო თავისუფლებას.
მარიამ ნიკურაძე „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024-ის" ერთ-ერთი გამარჯვებულია. 2024 წლის დეკემბერში ის დააჯილდოვა ასევე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა - სამოქალაქო თავდადებისთვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისთვის.
პროევროპული აქციები საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტად იმართება. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.
პოლიციამ დააჯარიმა ათეულობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტებიც. ჟურნალისტების ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარიმო ქვითრები გაუუქმა. დაჯარიმებულთა შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტები. მათგან გელა ბოჩიკაშვილის განცხადების განხილვის ვადა ერთი თვიდან სამ თვემდე გაახანგრძლივეს.
ფორუმი