Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებული პირი ჩეჩნეთში, სახლთან ახლოს გადაიყვანეს

ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებული პირი ჩეჩნეთში, სახლთან ახლოს გადაიყვანეს


ხამზატ ბახაევი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდადებული პირი
ხამზატ ბახაევი, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის საქმესთან დაკავშირებით მსჯავრდადებული პირი

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულმა ხამზატ ბახაევმა - რომელიც ჩეჩნეთიდანაა - მიაღწია თავისი რეგიონის კოლონიაში გადაყვანას, სადაც უფრო ახლოს იქნება სახლთან და ნათესავებთან. "კავკაზ რეალიი" იუწყება, რომ ჩრდილოეთ კავკასიელ მსჯავრდადებულებს რუსეთში ამგვარ თხოვნებს, როგორც წესი, არ უსრულებენ ხოლმე.

როგორც სახელმწიფო სააგენტო "რია ნოვოსტი" სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, ბახაევი ჩიოდა, რომ კიროვის ოლქის ქალაქ კიროვო-ჩეპეცკის გამოსასწორებელ კოლონიაში ყოფნა მას ჩეჩნეთს ორ ათასზე მეტი კილომეტრით აშორებდა და ართმევდა შესაძლებლობას, კონტაქტი შეენარჩუნებინა ოჯახთან - ცოლთან, შვილებთან, ძმასთან და დასთან.

2023 წლის მაისში სასამართლომ სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს დაავალა, განეხილა ბახაევის გადაყვანის საქმე, პატიმრის სასარგებლოდ გაღებულ იქნა ხუთი ათასი რუბლი (დაახლოებით 60 დოლარი). სასჯელაღსრულების სამსახური დათანხმდა ბახაევის ჩეჩნეთში, კერძოდ, ჩერნოკოზოვოში გადაყვანას, თუმცა მან დაიჩივლა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ძალიან დიდი დრო დასჭირდა და 100 ათასი რუბლის (დაახლოებით 1190 დოლარი) ოდენობის კომპენსაცია მოითხოვა. ეს საჩივარი ბახაევს არ დაუკმაყოფილეს.

სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ჩრდილოკავკასიელ პატიმრებს ხშირად ეუბნება უარს სახლთან ახლოს გადაყვანაზე - ეს ბევრჯერ აქვს გაშუქებული საიტ "კავკაზ რეალიის".

ნემცოვის მკვლელობის საქმის გამო ხამზატ ბახაევს 11 წლით მიესაჯა პატიმრობა. პროცესის მსვლელობისას ნემცოვის ოჯახის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დანაშაული გახსნილი არ იყო, ხოლო ბახაევის დანაშაული დაუმტკიცებელი რჩებოდა - აღნიშნავს "კავკაზ რეალიი".

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს კრემლთან ახლოს. მისი მკვლელობის საქმეზე სასამართლო 2017 წელს გაიმართა. ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯა ჩეჩნეთის ხუთ მკვიდრს: ზაურ დადაევს, რომელიც მკვლელობის უშუალოდ ჩამდენად მიიჩნიეს, ძმებ ანზორ და შადიდ გუბაშოვებს, ტემირლან ესკერხანოვს და ხამზატ ბახაევს.

შარშან ცნობილი გახდა, რომ ტემირლან ესკერხანოვი უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად გაემგზავრა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შესაბამისი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

ნემცოვის მკვლელობის შემკვეთები კვლავაც არ არიან დადგენილი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოკავშირეები და ახლობლები აკრიტიკებდნენ გამოძიებას, ბევრი თვლის, რომ ნემცოვის მკვლელობასთან კავშირი აქვთ ჩეჩნეთის ან მთლიანად რუსეთის ხელისუფლებებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG