Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მეუღლის ცნობით, გიორგი ოკმელაშვილი სხვა ციხეში გადაიყვანეს, რაც სამი დღის შემდეგ შემთხვევით გაიგო

მეუღლის ცნობით, გიორგი ოკმელაშვილი სხვა ციხეში გადაიყვანეს, რაც სამი დღის შემდეგ შემთხვევით გაიგო


გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

მეუღლის ცნობით, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი, რომელსაც 3 თებერვალს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სხვა, დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს.

ოკმელაშვილის ცოლი თამთა ჩხეიძე წერს, რომ გიორგი ოკმელაშვილი იმყოფებოდა გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა 17 მარტს „შემთხვევით“ გაარკვია, რომ პარასკევს, 14 მარტს, ის ქსნის ციხეში გადაიყვანეს.

„დღეს სრულიად შემთხვევით ვიგებთ რომ ოკმელა გადაიყვანეს სხვა საპატიმროში. არ შედგა ჩანიშნული ჩანიშნული ვიდეოქოლი, იმ მიზეზით რომ გლდანში აღარ არისო“, - წერს ფეისბუკზე ჩხეიძე.

მისი თქმით, კარგა ხანი დასჭირდა იმის გასაგებად, თუ სად იმყოფებოდა გიორგი ოკმელაშვილი.

„არ უნდა ვიცოდეთ ოჯახის წევრებმა ან ადვოკატმა, ან დარეკვის უფლება არ აქვს რომ შეგვატყობინოს?!" - კითხულობს ჩხეიძე. მისი თქმით, ეს კითხვა დაუსვა ქსნის დაწესებულების წარმომადგენელსაც, რომელმაც უპასუხა:

„წერილი მოგივათ განყოფილებიდანო, ეხლა შაბათი-კვირა დაემთხვა და დაგვიანდება მოწოდებაო“.

თამთა ჩხეიძის თქმითვე, ოკმელაშვილს განაჩენში უწერია თავისუფლების აღკვეთის ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში ყოფნა, ქსანში კი დახურული ტიპის დაწესებულებაა.

გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც 2024 წლის 15 მაისს დააკავეს და რომელსაც პოლიციელზე ძალადობას ედავებოდნენ, 5-წლიანი პატიმრობა 3 თებერვალს მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

„ცხოვრებაში არასდროს პოლიციის მიმართ არ გამომიჩენია უპატივცემულობა, მაგრამ ამ ადამიანის ქცევა ჩემში იწვევდა ისეთი გრძნობის გაღვივებას, რომელიც მაიძულებდა, ჩემ გვერდით მდგომები დამეცვა. ეს შავნიღბოსნები თავისი ქცევით მაიძულებდნენ, მეც გადავსულიყავი ჭიდაობასა და ჯაჯგურზე... მთელი დილა ეს შავნიღბოსნები გადმოდიოდნენ და გვირტყამდნენ... ნებისმიერი მათი ქმედება აღიქმებოდა ჩვენი მხრიდან თავდასხმად და იძულებულები ვიყავით, თავი დაგვეცვა“, - უთხრა მოსამართლეს ოკმელაშვილმა.

როცა მოსამართლემ 5-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილების ახსნა დაიწყო, ოკმელაშვილმა თქვა, რომ ეს იყო საბჭოთა სასამართლო. პასუხად მოსამართლემ მას უთხრა, რომ თუკი საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა, იქ გამოჩნდება, „რა პირობებში ამუშავებენ სასამართლოს“. ამას დარბაზში სიცილი მოჰყვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG