Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მოსამართლე თარაშვილმა ჯგუფური ძალადობის საქმე აიცილა, ახალი მოსამართლე ირწმუნება, რომ საქმის 13 ტომს ერთ ღამეში გაეცნო

მოსამართლე თარაშვილმა ჯგუფური ძალადობის საქმე აიცილა, ახალი მოსამართლე ირწმუნება, რომ საქმის 13 ტომს ერთ ღამეში გაეცნო


სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 5 მარტი, 2025 წელი
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 5 მარტი, 2025 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული 11 დემონსტრანტის საქმის განხილვა. სხდომაზე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის აცილება მოითხოვა.

ადვოკატის ცნობით, გუშინ საღამომდე იცოდა, რომ წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ნინო თარაშვილს უნდა განეხილა, თუმცა მან საქმე აიცილა.

ადვოკატებისთვის უცნობია, რა გახდა საქმის აცილების საფუძველი.

გუჯა ავსაჯანიშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ მოსამართლე 13 ტომის რამდენიმე საათში განხილვას ვერ მოასწრებდა. ის ამბობს, რომ მხარეებს სასამართლოსთვის მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება პროცესამდე 5 დღით ადრე აქვთ, რაც გამომდინარეობს ლოგიკიდან, რომ მოსამართლე საქმეს უნდა გაეცნოს. ამას გარდა, ირაკლი შვანგირაძე მოსამართლეობამდე პროკურორი იყო.

"მესამე პროკურორს ვხედავ პროცესზე, რომელმაც 6 საათში მოასწრო საქმის 13 ტომის განხილვა", - თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა და დაამატა: "გუშინაც კონკრეტულ დრომდე 16:00-მდე ნინო თარაშვილი იყო მოსამართლე. მე ამ დროისთვის ვესაუბრე მოსამართლის თანაშემწეს და მან მითხრა, რომ მოსამართლესთან გაიარა [საკითხი] და საქმეში დისკის ჩადება პრობლემა არ არისო. ეს ნიშნავს, რომ იმ დროს ისევ ნინო თარაშვილი იყო მოსამართლე. რამდენიმე წუთის წინ თქვენზე დაადასტურეთ, რომ გუშინ დაგეწერათ საქმე და როგორ მოასწარით საქმის განხილვა? თქვენი აცილების საფუძველი ასევე არის თქვენივე ბიოგრაფია, რომელიც საქალაქო სასამართლოს საიტზეა განთავსებული", - განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.

მის შუამდგომლობას დაეთანხმა ადვოკატების ნაწილიც.

"ხომ არ არის ეს შემთხვევა, როცა მოსამართლემ წინასწარ იცის, რა უნდა ქნას?", - იკითხა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მას უჭირს დაიჯეროს, რომ მოსამართლემ ერთ ღამეში საქმის მასალების გაცნობა მოასწრო.

"მე თქვენ ვერბალურად ვერ დაგიპირისპირდებით, რომ საქმის მასალებს იცნობთ თუ არა, მაგრამ ეს პროცესზე გამოჩნდება, მაგრამ გაითვალისწინეთ ევროსასამართლოს სტანდარტით, რომ განცდა უნდა არსებობდეს სამართლიანი მართლმსაჯულების. დაგვისაბუთეთ, რომ საქმის მასალებს იცნობთ ან გადადეთ საქმის განხილვა - წაიკითხეთ და გაიცანით საქმე იმ დონეზე, რომ ადამიანების თავისუფლების ბედი გადაწყვიტოთ?", - თქვა შოთა თუთბერიძემ.

მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა:

"წინარე საქმიანობა მოსამართლის აცილების საფუძველს არ წარმოადგენს, პროკურორობა ამოიკითხა ჩემს ბიოგრაფიაში ბატონმა გუჯამ, მაგრამ ის ვერა, რომ ადვოკატიც ვიყავი. მართალია მე გუშინ დამეწერა საქმე, მაგრამ მე დიდი ძალისხმევა ჩავდე, რომ გავცნობოდი მტკიცებულებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს პროცესი არ იქნებოდა", - თქვა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას გუჯა ავსაჯანიშვილის რეპლიკა მოჰყვა: "ბატონო მოსამართლე, მე მჯერა, რომ თქვენ მთელი ღამე კითხულობდით საქმეს და დღეს შეგიძლიათ სხდომის ჩატარება? დიდი ხანი გაგრძელდება".

მოსამართლის შემდეგ, სანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა, პროკურორ ვაჟა თოდუას აცილება მოითხოვა. რასაც ყველა სხვა ადვოკატიც დაეთანხმა.

გუჯა ავსაჯანიშვილმა მეორე პროკურორის, ვახტანგ ცაბუკელაშვილის აცილება მოითხოვა და ის "დასასანქცირებელთა" კატეგორიაში მოიხსენია.

აცილების საფუძველი 3 მარტს მიღებული გადაწყვეტილება გახდა, კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემოღებული სანქციები. მათ შორის, პროკურორ ვაჟა თოდუას ესტონეთმა სავიზო სანქციები დაუწესა.

"ვერ დავეთანხმები. სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაცია მასმედიიდან გავიგე, თუმცა აღნიშნული ჩემს პროფესიულ საქმიანობას ხელს ვერ შეუშლის. დასანქცირება ამ საქმეს ეხება, სადაც მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი. ჩვენი პოზიციები მტკიცებულებებითაა გამყარებული", - თქვა ვაჟა თოდუამ.

დამაზუსტებელ კითხვაზე კი უპასუხა, რომ სანქცირება აცილების საფუძველი არ არის. მოსამართლემ დაცვის მხარის არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

"უცხო სახელმწიფოების მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანა არ წარმოადგენს აცილების საფუძველს, ჩვენ არ ვიცით, პროცესი რა სამართლებრივი პროცესით წარიმართა", - თქვა მოსამართლემ. მის გადაწყვეტილებას დარბაზში სიცილი მოჰყვა.

ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკსა და ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

11-ვე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით 2024 წლის დეკემბერში, დაკავებიდან 48 საათში შეუფარდა. საქმეების არსებითი განხილვა იანვარში უნდა დაწყებულიყო. თუმცა პროკურატურამ გამოძიების ვადის ორი თვით გახანგრძლივება მოითხოვა, არგუმენტით, რომ მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო არ ეყოთ.

მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საფუძველი გახდა. დაკავებულების ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პროკურატურა გამოძიების გახანგრძლივების საჭიროებას ვერ ასაბუთებს, რადგან ამ უწყებისთვის უკვე მიცემული ორი თვეც ეფექტიანად ვერ გამოიყენა.

საქართველოში 98-ე დღეა უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით.

მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG