აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო CNN-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდა მართებს, რადგან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები „თავისთვის ფიასკოდ აქცია“. ეს იყო პასუხი ბოდიშის საჭიროებასთან დაკავშირებით წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე.
რუბიოს განცხადებით, არ არსებობდა ზელენსკის მხრიდან ასეთი ანტაგონიზმის საჭიროება და დაპირისპირება სწორედ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ კომენტარებს მოჰყვა.
„სამშვიდობო ძალისხმევისთვის ამ აქტიურმა და ღია ძირის გამოთხრამ ღრმად გააწბილა ყველა, ვინც დღემდე ჩართული იყო მათთან კომუნიკაციაში და ვფიქრობ, რომ მან [ზელენსკიმ] ბოდიში უნდა მოიხადოს ჩვენი დროის დახარჯვისთვის ამ შეხვედრაზე, რომელიც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა“, - აცხადებს მარკო რუბიო.
28 თებერვალს, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, Fox News-თან ინტერვიუში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ბოდიშთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არ თვლის, რომ „რაღაც ცუდი“ გააკეთა და, რომ შელაპარაკება „ორივე მხარისთვის ცუდი იყო“.
„რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ პრეზიდენტის და, რა თქმა უნდა, კონგრესის. მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, თქვენი ხალხის... ჩვენ ისე ძალიან გვინდოდა გვქონოდა ეს ძლიერი კავშირები... ჩვენ ეს გვექნება“, - განაცხადა ზელენსკიმ Fox News-თან.
ოვალურ კაბინეტში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შელაპარაკების შემდეგ გაუქმდა ერთობლივი პრესკონფერენცია და ხელმოუწერელი დარჩა წინასწარ მომზადებული შეთანხმება - უკრაინული სასარგებლო წიაღისეულისა და რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ.
Fox News-ი თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტისთვის ნათქვამ სიტყვებს, რომ მას თეთრი სახლი უნდა დაეტოვებინა.
ფორუმი