Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სტიქია სტიქიის შემდეგ: „გვექნება მეწყრები და წყალმოვარდნები“  

სტიქია სტიქიის შემდეგ: „გვექნება მეწყრები და წყალმოვარდნები“  


დიდთოვლობა გურიაში
დიდთოვლობა გურიაში

დიდთოვლობას მეწყრები და წყალდიდობები მოჰყვება, თუმცა, კონკრეტულად სად და რა მასშტაბის, ამის პროგნოზირება ჭირს.

28 მარტიდან საქართველოში თოვა უნდა შეწყდეს, თუმცა ყინვა მოიმატებს. მაღალმთიან რაიონებში ტემპერატურა, პროგნოზით, შესაძლოა -22 გრადუსამდე დაეცეს. მოყინავს ბარშიც. ეს განსაკუთრებით საშიშია ახლა, როდესაც გურია, აჭარა, იმერეთის სოფლები გარე სამყაროს არის მოწყვეტილი და ბევრგან არც გაზი მიეწოდება, არც ელექტროენერგია. სოფლებში ჩარჩენილები არიან მოხუცები და ბავშვები, ზოგან ავადმყოფებიც. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში, როდესაც ყინვა გადაივლის, თოვლის დნობას წყალდიდობა და მეწყრები მოჰყვება. განსაკუთრებით საშიშია გურია, სადაც ჯერ კიდევ 2023 წელს, 8 სექტემბერს სტიქიამ მსხვერპლიც კი გამოიწვია. მაშინ 846 სახლი გეოლოგებმა საცხოვრებლად უვარგისად მიიჩნიეს. სულ გურიაში ამ და სხვა მეწყრებმა 2023 წელს 500-მდე ჰექტარი მოიცვა.

„ველოდებით წყალმოვარდნებს, ალბათ ღვარცოფსაც. ჯერჯერობით ზვავს უნდა გადავურჩეთ. მუნიციპალიტეტებს ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რამდენი სოფელი ექვემდებარებოდა გასახლებას. ბევრი გაასახლეს, ბევრს კომპენსაცია მისცეს, მაგრამ ბევრი ჯერაც ადგილზეა. მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტებს ტექნიკაც ჰქონდათ და სპეციალისტებიც ჰყავდეთ. უნდა ეზრუნათ ამაზე“, - ამბობს ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე და არ გამორიცხავს, რომ გურიასა და აჭარა-თრიალეთის ქედზე მიძინებული მეწყრებიც გააქტიურდეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს 2023 წლის საინფორმაციო ბიულეტენის მიხედვით, მხოლოდ გურიაში გეოლოგიურად სახიფათო ათობით სოფელია:

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტში: შრომა, ნატანები, ძიმითი, გურიანთა, მერია, მთისპირი, კონჭკათი, თხინვალი, ჯუმათი, სილაური, მაკვანეთი.
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში: მამათი, აცანა, აკეთი, ჩოჩხათი, ლესა, ნინოშვილი, შუხუთი, წყალწმინდა, ომფარეთი, კოკათი, გულიანი, ხორეთი, ჯიხანჯირი, ტელმანი, ჩიბათი, არჩეული, მოედანი, ორმეთი.
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში: ხიდისთავი, ბუკისციხე, დიდი ვანი, კოხნარი, საჭამიასერი, ნაბეღლავი, ამაღლება, გოგოლესუბანი, ზომლეთი, ქვენობანი, ფარცხმა, ჯვარცხმა, ერკეთი.

გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ხიფათის შესახებ მუნიციპალიტეტები ინფორმირებული არიან.

თუმცა, საქართველოს უმეტეს მუნიციპალიტეტებში არა გააჩნიათ საგანგებო მართვის გეგმა, არც უსაფრთხოების პასპორტი, რომელიც ყოველწლიურად უნდა განახლდეს იმისდა მიხედვით, თუ რა საფრთხეები და გამოწვევებია მოცემულ მომენტში. უსაფრთხოების პასპორტში აღწერილია, რა ძალისხმევა უნდა გასწიონ მუნიციპალიტეტებმა კატასტროფების პრევენციისთვის; ასევე შეფასებულია კატასტროფებზე საპასუხოდ შექმნილი გეგმა და მისი ეფექტიანობა.

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე“ მხოლოდ ქობულეთის, ხობის, სენაკის, სამტრედიის, ბორჯომისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საგანგებო მართვის გეგმებია ატვირთული. ასეთი დოკუმენტი არ იძებნება არც ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საიტებზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საიტი კი გათიშულია.

„წყალმოვარდნები გვექნება, გვექნება საშიში გეოლოგიური პროცესები. ორივე იქნება, მაგრამ სად და რა მასშტაბის, ამას სჭირდება კვლევა. სამწუხაროდ, ასეთი სისტემა ქვეყანაში არ არსებობს. ამიტომ მოგვიწევს ბედს მივენდოთ.

აჭარასა და გურიაში მშრალი თოვლი არ მოდის. თოვლის გაჯერებულობის შემოწმება, საველე აზომვა, ტემპერატურის ცვალებადობის განსაზღვრა, რას გაატარებს რიონი, რას მიღებს ზღვა - ეს ყველაფერი პირველი საფრთხეების პროგნოზებს მოგვცემდა. 2002, 2011, 2016 წლებში იყო მსგავსი დიდთოვლობა, ამაზე მოდელირებით ხდება ხოლმე პროგნოზირება. მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ამას არავინ აკეთებს.

ევაკუაციის საჭიროებაც შეიძლება დადგეს, მაგრამ ახლა ჰაერზე ამას ვერ გააკეთებ“, - ამბობს რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების (CENN) წარმომადგენელი.

მისი თქმით, ყველაზე მეტი საშიშროება მაინც იმ ადგილებშია, სადაც საფრთხე ისედაც არსებობდა და ამასთან დაკავშირებით გეოლოგებს დასკვნებიც აქვთ დაწერილი. ბუნებრივია, რომ დიდთოვლობა იქ მცხოვრებლებს კიდევ უფრო დიდ რისკს უქმნის.

თუმცა, გარემოს დაცვის სააგენტოს 2023 წლის ბიულეტენით, მხოლოდ გურიაში თითქმის ყველა სოფელი რისკის ქვეშ ხვდება.

ექსპერტებისთვის საიმედოა ის ფაქტი, რომ დიდთოვლობის შემდეგ ტემპერატურა მკვეთრად არ მატულობს.

გურიაში დიდთოვლობამ უკვე 23 თებერვალს შექმნა პრობლემები. გარე სამყაროს მოწყვეტილი ხალხის დასახმარებლად თბილისიდან და სხვა რაიონებიდან მოხალისეები ჩავიდნენ. დაზარალებულების დასახმარებლად შეიქმნა ფონდები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მობილიზებულია შსს-ს ყველა შესაბამისი დანაყოფი. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ტექნიკა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG