“მიმდინარეობს მუშაობა”, - ერთი და იგივე პასუხი მიიღო რადიო თავისუფლებამ უსაფრთხოების პასპორტებთან დაკავშირებით 16 მუნიციპალიტეტიდან. ყველა მათგანი იმ რეგიონებშია, რომლებიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა.
უსაფრთხოების პასპორტი არ აქვს ბაღდათს, ლანჩხუთს, ონს, ქედას. ბოლო 6 თვის განმავლობაში მეწყრებს მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტების სოფლებში 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რა არის „უსაფრთხოების პასპორტი“
2018 წლიდან საქართველოში მოქმედებს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“. ის ბუნებრივი კატასტროფებისა და სხვა საგანგებო მოვლენების მართვას აწესრიგებს ოთხი მიმართულებით:
- პრევენცია;
- მზადყოფნა;
- რეაგირება;
- აღდგენა.
სწორედ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონი ავალდებულებს მუნიციპალიტეტებს „უსაფრთხოების პასპორტების“ ქონას.
ამ დოკუმენტში:
- განსაზღვრულია საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის რისკის დონე და მოსალოდნელი შედეგები;
- აღწერილია, რა ძალისხმევა უნდა გასწიონ მუნიციპალიტეტებმა კატასტროფების პრევენციისთვის;
- შეფასებულია კატასტროფებზე საპასუხოდ შექმნილი გეგმა და მისი ეფექტიანობა.
კანონის თანახმად, უსაფრთხოების პასპორტი ყოველწლიურად უნდა განახლდეს და მის შედგენაში მუნიციპალიტეტებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც უნდა იყოს ჩართული.
პასპორტს თან უნდა დაერთოს მუნიციპალიტეტის რუკაც, რომელზეც პოტენციური რისკის ზონები და სავარაუდო შედეგების შესახებ ინფორმაცია იქნება დატანილი.
"უსაფრთხოების პასპორტი ერთ-ერთი ძირითადი დასაყრდენი დოკუმენტია. პასპორტის საფუძველზე უნდა ხდებოდეს ბუნებრივი კატასტროფისგან მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება და შემცირება", - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
რა წერია უსაფრთხოების პასპორტში
უსაფრთხოების პასპორტს ცხრილის ფორმა აქვს. ამ დოკუმენტში დეტალურადაა აღწერილი მუნიციპალიტეტის ფართობი, მოსახლეობა, გეოგრაფიული განაწილება, ტყეების ნაკრძალების, საძოვრების, მდინარეების რაოდენობა, ფართობი და სიგრძე, დათვლილია მანძილი ადმინისტრაციული ცენტრიდან სტრატეგიულ ობიექტებამდე, მაგალითად, რკინიგზამდე, პორტამდე, აეროპორტამდე.
ცალკეა გამოყოფილი ის სოფლები და ქალაქები, რომლებიც სტიქიის ზონაში ხვდება და დატბორვის, დამეწყრის ან ღვარცოფის მოვარდნის რისკის ქვეშაა. დათვლილია ავარიული შენობების რიცხვიც. ქობულეთში 60 ასეთი შენობაა ხობში - 11, ლაგოდეხში - 20.
ცხრილში სკოლების, სამედიცინო დაწესებულებებისა და საავადმყოფოს საწოლების რაოდენობაცაა მოცემული. მაგალითად, ხობში მხოლოდ 15 საწოლია, ლაგოდეხში 55, სენაკში 161, ქობულეთში 181.
უსაფრთხოების პასპორტი რეგიონებში თავშესაფრების რაოდენობასაც ითვლის. ამ დოკუმენტის მიხედვით, ქობულეთში თავშესაფარი არ ფუნქციონირებს, ხობში თავშესაფრის ფუნქციას შეასრულებს სკოლებისა და სპორტული კომპლექსების დარბაზები, ლაგოდეხი მხოლოდ მისამართებს უთითებს, თუმცა აქვე აზუსტებს, რომ თავშესაფრების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.
საგანგებო მართვის გეგმის ასლი, უსაფრთხოების პასპორტსა და სხვა დოკუმენტებთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სათავო ოფისში იგზავნება. უწყებიდან ამ დრომდე არ უპასუხიათ რადიო თავისუფლებისთვის კითხვაზე - რამდენ მუნიციპალიტეტს აქვს ეს ე.წ. პასპორტი და რატომ არ დაიწყო ამ დოკუმენტზე მუშაობა კანონის მიღებისთანავე ანუ 2018 წლიდან.
საგანგებო მართვის გეგმა
რადიო თავისუფლება აჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რაიონებში შემავალ, ჯამში, 30 მუნიციპალიტეტს დაუკავშირდა, მათგან 9-ში გვითხრეს, რომ უსაფრთხოების პასპორტი უკვე აქვთ.
წესით, ეს დოკუმენტი მოქალაქეებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, თუმცა რადიო თავისუფლებამ მუნიციპალიტეტების ოფიციალურ საიტებზე უსაფრთხოების პასპორტები ვერ იპოვა.
"საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე" მხოლოდ ქობულეთის, ხობის, სენაკისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების 2023 წლით დათარიღებული საგანგებო მართვის გეგმებია ატვირთული, რომელსაც 19 დანართი ახლავს თან. ე.წ. უსაფრთხოების პასპორტი ამ გეგმის შემადგენელი ნაწილია.
დოკუმენტში წერია, რომ საგანგებო მართვის გეგმაზე პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივი ხელმძღვანელი. მასთან ერთად მართვის ჯგუფში შედიან მერის პირველი მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიციის სამმართველოს უფროსი. გეგმას თან ახლავს პასუხისმგებელი პირების პირადი მობილური ტელეფონის ნომრებიც.
მაგალითად, ქობულეთის შემთხვევაში საგანგებო ვითარებისას შტაბის წევრებს სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ, რაც სპეციალურად შემუშავებულ სქემას ეყრდნობა. "მაცნეზე" ეს სქემაც ატვირთულია. აქვთ ხმის გამაძლიერებელიც - ე.წ. მეგაფონი. მოსახლეობის ინფორმირებისთვის რეგიონალურმა ტელევიზიებმა და მერიის პრესსამსახურმა უნდა იმუშაონ. სატელეფონო შეტყობინებებთან ერთად, მოსახლეობას პატრულის ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობით გააფრთხილებენ.
შედგენილია ცხრილები, სადაც დეტალურადაა აღწერილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა-აღჭურვილობა, რაოდენობა, გამოშვების წელი, ქვეყანა; სახანძრო-სამაშველო ძალებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი.
სპეციალური დოკუმენტი ეთმობა იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფის დროს დახმარების აღმოჩენას შეძლებენ, იქნება ეს ტრანსპორტი, წყალი, ელექტროენერგია, ინტერნეტი თუ სხვა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გეგმას თან ახლავს სავარაუდო რისკის ზონების რუკა და კატასტროფის შემთხვევაში წინასწარ შედგენილი საევაკუაციო გეგმა.
უსაფრთხოების ეს დოკუმენტი მუნიციპალიტეტებს ყოველწლიურად ბუნებრივი კატასტროფების რისკის გაზომვას და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასაც ავალდებულებს.
მაგალითად, ხობის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში იდენტიფიცირებულია სამი საფრთხე: მეწყერი, ქარიშხალი და წყალდიდობა. სამივე ბუნებრივ კატასტროფას მინიჭებული აქვს ქულები იმის მიხედვით, თუ რამდენია სტიქიის განვითარების ალბათობა. 10-ბალიანი სისტემიდან 8 მეწყერს ერგო, 7 - ქარიშხალს, 5 კი - წყალდიდობას.
ყველა ბუნებრივ კატასტროფაზე ინდივიდუალურად რეაგირების ე.წ. სამოქმედო სცენარებია შემუშავებული. მაგალითად, აი, რა აქვს წელს დაგეგმილი ხობის მუნიციპალიტეტს წყალმოვარდნის თავიდან ასაცილებლად:
- ხობისწყლის კალაპოტის გაწმენდა;
- დამბის დაზიანებული ნაწილის აღდგენა;
- საფეხმავლო ხიდის აღდგენა;
- ხელისუფლებამ რისკის არეალში მცხოვრები მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიებს უნდა შეახვედროს;
- წლის მანძილზე ერთხელ მაინც უნდა შემოწმდეს მდინარის კალაპოტი.
მხოლოდ 2023 წელს საქართველოს 13 რეგიონის ბიუჯეტს სტიქიის შემდგომი სალიკვიდაციო სამუშაოები (სახურავის გადახურვა, გზის შეკეთება, მთის ფერდის გამაგრება) სულ მცირე 16 891 331 ლარი დაუჯდა. დანახარჯების სავარაუდო რიცხვი სატენდერო დოკუმენტაციებზე დაყრდნობით დავითვალეთ. როგორც წესი, მუნიციპალიტეტები სტიქიის შემდეგ გამარტივებულ შესყიდვებს აცხადებენ, რადგან ბუნებრივ კატასტროფაზე სწრაფი რეაგირება სატენდერო წესების მიხედვით გადაუდებელი აუცილებლობაა.
პრევენციის გარდა, სავალდებულოა საევაკუაციო წვრთნების ჩატარებაც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მერიასთან ერთად რისკის ზონაში შენობების მონიტორინგი და სამაშველო-სახანძრო აღჭურვილობის კონტროლი ევალება.
დოკუმენტში თანმიმდევრულადაა განსაზღვრული პასუხისმგებელი უწყებების ამოცანები და გეგმა.
საიას მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც შოვისა და გურიის ტრაგედიის შემდეგ გამოქვეყნდა, სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებსა და სამაშველო ოპერაციის ეფექტიანობაზეა დასმული კითხვები. საიამ გაარკვია, რომ მუნიციპალიტეტების ნაწილში, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საგანგებო ვითარების მართვისა და პრევენციის გეგმაც არ არსებობს.
“მთავარი პრობლემაა, რამდენად სერიოზულად უდგება სახელმწიფო არსებულ რისკებს. წინა და მიმდინარე წელს მომხდარი მოვლენები იმდენად საგანგაშო უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია ვალდებულებების შესრულება”, - ამბობს საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
უსაფრთხოების პასპორტი ჯერ არ აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს. მისი მერი კობა ლურსმანაშვილი ფიქრობს, რომ ეს დოკუმენტი ხარაგაულის მერიისა და საკრებულოსთვის დიდად სასარგებლო ვერ იქნება.
“შეიქმნება ეს პასპორტიც, რა თქმა უნდა, თუმცა დიდ გასხვავებას არ მოგვცემს. ის, რაც პასპორტში უნდა გავწეროთ, ისედაც გვაქვს გათვლილი, უბრალოდ ერთად შევკრებთ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას კობა ლურსმანაშვილმა.
რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს საგანგებო მართვის გეგმას და უსაფრთხოების პასპორტს ცაგერის მუნიციპალიტეტი. ვერც აქ გვპასუხობენ, რატომ დაიგვიანა დოკუმენტმა.
“ჩვენთან ორი დიდი საშიშროებაა - მეწყერი და წყალდიდობა, სწორედ ამ ლოკაციების დაზუსტება და მათზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებებია თავმოყრილი ე.წ. უსაფრთხოების პასპორტში. დღეს ვიცით, რომ 58 სოფლიდან 38-ში აქტიური მეწყერია განვითარებული, ასეთი წერტილების ლოკალიზება ხდება”, - განმარტავს ცაგერის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ ხეცურიანი.
თუ მუნიციპალიტეტებს დავუჯერებთ, რამდენიმე თვეში უსაფრთხოების პასპორტები ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს. შემდგომი ეტაპი დაწერილის აღსრულების კონტროლი იქნება, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საქმეა. თუმცა მხოლოდ უსაფრთხოების პასპორტი სტიქიური მოვლენების გაზრდილი საფრთხის ფონზე უშედეგოა. საქართველოს ამ დრომდე არ აქვს სტიქიური უბედურებების წინასწარი შეტყობინების სისტემა და არ განუახლებია 2017 წელს შემუშავებული კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია.