Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს


გიორგი ბაჩიაშვილი
გიორგი ბაჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს შპს "მტკვარი ჰესის" საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება 25 თებერვალს მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის ამავე რაოდენობის, 50 000-ლარიანი, გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ამ ახალ საქმეს "გაზრდილ ზეწოლას" და "თანხის გამოძალვის ოპერაციას" უკავშირებს.

"შეფარდებული გირაო არ არის რაღაც ახალი ზეწოლა. უკვე ორი წელია, რაც მეკრძალება ქვეყნის დატოვება, დაყადაღებული მაქვს მთელი ჩემი ქონება და წილები", - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ შპს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი დღეს, 25 თებერვალს, დილით წაუყენა. ეს უკვე მეორე საქმეა, რომელიც ამ ბიზნესმენის წინააღმდეგ არის აღძრული. ორივე შემთხვევაში ფიგურირებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები.

ახალი ბრალდების თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“. სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დღეს წარდგენილი ბრალით, მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პირველი საქმე ბიძინა ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წლიდან არის აღძრული. წარდგენილი ბრალდების თანახმად, პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს 39 215 820 აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 6 ივლისს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეუფარდა.

ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, 2015 წელს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესწინადადებით მიმართა - „თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში“. ამ წინადადებით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა და გადაწყვიტა 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაედო.

დაცვის მხარის პოზიციით, ბაჩიაშვილმა, - რომელიც 2015 წლისთვის უკვე კარგად ერკვეოდა კრიპტოვალუტების ბიზნესში, - ივანიშვილს თავიდანვე სთხოვა არა პარტნიორობა, არამედ „ქართუსგან“ სესხის აღებაში დახმარება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG