საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილთან კავშირსა და ეჭვებზე განცხადებას ავრცელებს.
"იმ უტყუარი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ჩემს მარწმუნებელს ბატონ ბაჩიაშვილთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები (და არც ბრალდებული გამოირჩეოდა რაიმე ინტერესით პოლიტიკური შინაარსის მქონე საკითხებისა თუ პროცესების მიმართ), მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის დაკავშირება ბატონი ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებთან არის ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება", - წერია განცხადებაში.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2015 წლის ზაფხულში, თავისი პირადი და ინვესტორის თანხებით კრიპტოვალუტა ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია ჩადო.
ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის კავშირები
ადვოკატის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან მუშაობა დედამისის თხოვნის შემდეგ დაიწყო, წლების განმავლობაში იყო "ძალიან დაახლოებული" პირი და "სარგებლობდა განსაკუთრებული ნდობით".
"ბრალდებული დაახლოებით 13 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო ფაქტიურად მხოლოდ ბატონი ივანიშვილის კუთვნილ სტრუქტურებში, მათ შორის 2019 წლის აპრილამდე იგი იკავებდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ხოლო შემდგომ გადაინაცვლა ამავე ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ", - წერია განცხადებაში.
საერთო ბიზნესი
ადვოკატის თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, 2015 წელს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესწინადადებით მიმართა - "თანხების დაბანდება ბიტკოინში, რომლის პოპულარობა და ღირებულებაც დღითიდღე იზრდებოდა, საკმაოდ მომგებიანი შეიძლება ყოფილიყო და შესთავაზა ფულის ინვესტირება ბიტკოინის მაინინგში/გამომუშავებაში". ამ წინადადებით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა და გადაწყვიტა 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაედო.
ადვოკატის ვერსიით, ივანიშვილს სურდა ეს თანხა საკუთარი საბანკო ანგარიშიდან გაეცა, თუმცა ბაჩიაშვილმა დაითანხმა, რომ ეს მომხდარიყო ყოფილი პრემიერის ოჯახის ბანკიდან ("ქართუ ბანკი") ეტაპობრივად - "ბანკის მიერ გაცემული სესხი იყო საბლანკო ანუ არაუზრუნველყოფილი, ხოლო მისი სრულად უზრუნველყოფა მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი თანხით... ბიზნეს წინადადებიდან გამომდინარე სრული რისკის ამღები და მატარებელი გახლდათ ბატონი ივანიშვილი... [ბაჩიაშვილი] წარმოადგენდა არა ინვესტორს, არამედ ახორციელებდა პროექტის ტექნიკურად შესრულების მენეჯმენტს".
კრიპტოვალუტის გაყიდვა
განცხადებაში საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილს "სრული ნდობა" ჰქონდა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ, რომელმაც დაარწმუნა იმაშიც, რომ "კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობის გამო" "რეალიზაციის გზით მოეხდინათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება".
"ინვესტიციის დაკარგვის ალბათობა იყო ძალიან მაღალი. ეს შესაძლოა ისეთი უკიდურესი და მძიმე ფორმებითაც კი მომხდარიყო, როგორიცაა კონკრეტული კრიპტოვალუტის მიმოქცევიდან ამოღება/მისი სტატუსის გაუქმება (ამგვარი მსჯელობები, იმ პერიოდში, საკმაოდ აქტუალური იყო). სწორედ ეს გარემოებები გახდა საფუძველი ბატონი ივანიშვილის მიერ შესაბამისი თანხმობის გაცემისა", - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2016 წლის აგვისტო-სექტემბერში დააბრუნა ბანკიდან სესხის ფორმით მიღებული 5 მილიონი დოლარი, ხოლო დაახლოებით ერთი წლის შემდგომ ნატო ხაინდრავას ხელზე გადასცა 536 900 დოლარი, რომელიც, მისივე განმარტებით, დარჩენილი იყო ინვესტიციის დაბრუნების შემდგომ მაინინგის შედეგად გამომუშავებული ბიტკოინების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხიდან.
რატომ დაეჭვდა ივანიშვილი
ადვოკატი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის გაყიდვასთან დაკავშირებით ეჭვები არ გაჩენილა იმ დრომდე, სანამ არ "გაჩნდა სერიოზული საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთ პროექტში, ინვესტირებული ფულადი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა":
"ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა ბიტკოინების მაინინგის საკითხის შესწავლით და გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ინვესტორისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორით.
შედეგად აღმოჩნდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა შეცდომაში შეიყვანა ინვესტორი და მიითვისა მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა, რაც დასტურდება ელემენტარული გამოთვლებითაც კი".
"მტკვარი ჰესის" შესახებ გაჩენილი კითხვა
2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა "მტკვარი ჰესის" პროექტი შეისყიდა, რომელსაც, ადვოკატის თქმით, ეს ფონდი და მისი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდნენ. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო, პროექტის ღირებულება კი დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით გაიზარდა:
"აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტიურად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, მტკვარი ჰესი იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში".
ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ფაქტმა გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ.
"სწორედ აღნიშნულის შემდეგ, როდესაც აშკარა გახდა ჰესთან დაკავშირებული პრობლემები, დაინტერესდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიტკოინების მაინინგთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის სისწორით და მოახდინა საკითხის გვიანი რევიზია/შესწავლა. არსებული ეჭვები გააღრმავა იმ გარემოებამ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის, მის მიერ დაფუძნებული საწარმოების და მისი ოჯახის წევრების მიერ 2015 წლის შემდგომ შეძენილია ათეულობით უძრავ-მოძრავი ქონება (როგორც საქართველოში, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინფორმაციით საზღვარგარეთაც), რაც დაზარალებული მხარის პოზიციით აშკარა შეუსაბამობაშია გიორგი ბაჩიაშვილის ფაქტობრივ შემოსავლებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
თანაინვესტირების ფონდის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ბაჩიაშვილი ფონდის დაარსებიდან, 2013 წლიდან, 6 წლის განმავლობაში იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, 2019 წლის მაისიდან კი გადაინაცვლა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე.