ე.წ. ოცნების დასახლებაში აშენებული ქოხების გვერდით ნასახლარია, სადაც სამშენებლო მასალებია მიმოფანტული, მომიჯნავე ტერიტორიას კი სამშენებლო მოედნად ამზადებენ - ამ ადგილას ქოხებში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს.
ტრაგედიიდან მეორე დღეს
ე.წ. ოცნების დასახლებაში თვითნებურად აშენებული ერთსართულიანი ქოხებით მთელი ქუჩები, ჩიხები და კვარტლებია გაკეთებული. ერთ ადგილას ხალხმრავლობაა. შავებში ჩაცმული მამაკაცები გარეთ დგანან, ქალები კი დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მოთქვამენ. დაღუპული ბავშვების ოჯახები ადიგენიდან და ხულოდან არიან. ერთის ოჯახი აქ 2012 წელს, მეორის კი 2018 წელს დასახლდა საცხოვრებლის მოლოდინში. ბავშვები ამ დასახლებაში დაიბადნენ. ორივე მათგანს 17 თებერვალს, ბათუმში დაკრძალავენ:
„უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შვილები არიან. ორივე აქ დაიბადა. მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება პატარებს. დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. მაგრამ არავის არ მივცემთ ჩვენი მიცვალებულებით მანიპულაციის უფლებას. მიცვალებულებზე პიარს არავის გავაკეთებინებთ“, - გვეუბნება მეზობელი.
აქ უცნობებს არ უშვებენ, ჟურნალისტებს კი არ ელაპარაკებიან. ტრაგედიის ღამეს დასახლების მცხოვრებთა ნაწილი ჟურნალისტების და აქტივისტების ნაწილს დაუპირისპირდა.
რა ვითარებაში დაიღუპნენ ბავშვები?
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მეზობლად მცხოვრებ ორ ბავშვს 15 თებერვალს დღის 4 საათიდან ეძებდნენ:
„დასახლების მაცხოვრებელთა ჩატშიც დავწერე და გაირკვა, რომ ბავშვები ახალაშენებულ სახლებთან, ბავშვთა მოედანზე დაუნახავთ, იქიდან მაღაზიაში წავიდნენ, სადაც ქალმა შენიშნა, თითქოს სახლს ეძებდნენო. მაღაზიიდან სახლამდე იკარგებოდა მათი კვალი. პოლიცია გამოვიძახეთ“, - გვიყვება მეზობელი ქალი, რომლის თქმით, 6-საათიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთი ბავშვის ბაბუამ ბავშვის ფეხსაცმელი იპოვა. ორმოში აღმოჩნდა მეორე ბავშვის ფეხსაცმელიც:
„ბაბუამ ამოიყვანა ორივე. სასწრაფოთი წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გარდაცვლილები იყვნენ“.
თვითმხილველების ვერსიით, ორმოში თავდაპირველად პატარა ბიჭი ჩავარდა, მეორემ მისი გადარჩენა სცადა - ფეხსაცმელები გაიხადა და იქვე დააწყო, შემდეგ ორმოში ჩავიდა და თვითონაც დაიღუპა.
ე.წ. ოცნების დასახლებაში სხვადასხვა სოციალური საჭიროების ოჯახებმა თვითნებური დასახლება დაიწყეს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ. დასახლება დღითი დღე იზრდებოდა. 2024 წელს გაკეთებული აღწერის მიხედვით, იქ 1700-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი ძირითადად მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან არიან: ნაწილი შშმ პირია, ნაწილი სოციალურად დაუცველი, ნაწილი მრავალშვილიანი. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თითქმის ყველა ოჯახი მთაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ოჯახიდანაა, რომლებსაც საცხოვრებლის პრობლემა აქვთ.
ტრაგედიის ადგილი ახლა ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ამ ადგილზე ადრეც ქოხებში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთა გასახლების შემდეგ განაშენიანება დაანგრიეს. სწორედ ამ ნანგრევების ქვეშ მდებარეობს ორმო, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. მოსახლეობა ამბობს, რომ ორმო წვიმის დროს აივსო. როგორც დასახლებაში მცხოვრები ქალი გვიყვება, ადრე, როცა აქ სამხედრო ნაწილი მდებარეობდა, ამ ადგილზე რამდენიმემეტრიანი აუზი იყო, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა დასახლებულმა ქოხი ააშენა, ორმოს კი კანალიზაციისთვის იყენებდა. ხალხის გასახლების შემდეგ ქოხები დაანგრიეს.
„აქ, ამ ორმოსთან ვცხოვრობ ოთხ შვილიშვილთან ერთად, მაგრამ არასოდეს შემინიშნავს, ღია რომ იყო. როგორც ჩანს, ორმო რკინა-ბეტონის ფილით იყო დაფარული. ალბათ არმატურები ამოიღეს, ბეტონი კი დაფშვნეს. აქ ბევრი დადის და ჯართისთვის აგროვებს მასალებს“, - ამბობს შუახნის ქალი.
„ადრე ამ ორმოში ჩემი მულიშვილი, ბავშვი ჩავარდა, მაგრამ გავიგონეთ და ამოვიყვანეთ. ახლა არაფერი შეგვინიშნავს. უბედური შემთხვევა იყო, ასეთი ორმოები და საშიში ადგილები აქ ბევრია“ - ამბობს დასახლებაში მცხოვრები ქალი, რომლის თქმითაც, ზოგადად, უსაფრთხოების საკითხი ძალიან მწვავედ დგას. მაგალითისთვის, წინა თვეში ამ ადგილებში ელექტრობოძიდან ჩამოვარდნილი მავთულით საქონელი დაიღუპა:
„მაშინ სოციალურ ქსელშიც დავწერე, რომ უსაფრთხოება მისახედია. რა გითხრათ, ვისაც ეხებოდა ამ ადგილის უსაფრთხოება, იმან არ დაიცვა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვისო ბრალია და დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ამ თემით სპეკულაციას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ ამის საშუალებას“. - ამბობს დასახლებაში მცხოვრები ქალი.
ე.წ. ოცნების ქალაქში, ადგილობრივებთან ერთად, ბათუმის საკრებულოს დეპუტატებიც ვნახეთ. ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ახლა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე გვეუბნება, რომ „საგამოძიებო უწყებები მუშაობენ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“.
არანაირი უსაფრთხოება
ამ დასახლებაში უმძიმეს პირობებში 1000-მდე ოჯახი ცხოვრობს. სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს საკითხი დასახლების შექმნისთანავე გაჩნდა. დასახლება მუდმივად იდგა ხანძრის (ერთ-ერთი ხანძრის დროს 40 ქოხი დაიწვა), წყალდიდობისა და ქოხების დატბორვის საფრთხის წინაშე. ახლა ე.წ. ოცნების დასახლების ტერიტორიის ნაწილი ნასახლარია, სადაც სამშენებლო მასალებია მიმოფანტული, ტერიტორიის ნაწილს კი სამშენებლო მოედნისთვის ამზადებენ, თუმცა აქ არც აბრა ჩანს და ტერიტორია არც ღობითაა შემოსაზღვრული.
სამოქალაქო აქტივისტი თამაზ ბაკურიძე, რომელიც წლებია მუშაობს „ოცნების დასახლების“ მცხოვრებთა პრობლემებზე, ამბობს:
„გამოძიებამ უნდა დაადგინოს ზუსტი ბრალეულობა, მაგრამ ადგილზე რაც ვნახე, იმის მიხედვით უკვე შეიძლება ვისაუბროთ პასუხისმგებლობაზე, პირველ რიგში ის კომპანიაა პასუხისმგებელი, რომელმაც აქ დემონტაჟი განახორციელა და ტერიტორია გაწმინდა. ამ კომპანიას ათობით ათასი ლარი გადაუხადეს ბიუჯეტიდან. ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალურ ზედამხედველობის სამსახურს. სამუშაო რომ შეასრულა კომპანიამ, ხომ უნდა შეამოწმოს, როგორ შეასრულა? მიღება-ჩაბარების აქტი ხომ შედგა?“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
ე.წ. ოცნების დასახლების მცხოვრებლები გვეუბნებიან, რომ გამოძიებამ მათი დიდი ნაწილი უკვე გამოჰკითხა. არასამთავრობო ორგანიზაცია „ოცნების ქალაქის“ დამფუძნებელი, მარინა ბერიძე გვეუბნება, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რამდენად იყო უსაფრთხოების ზომები დაცული:
„ვინც დაარღვია, უნდა დაისაჯოს მკაცრად. ამ ორი ბავშვის სიცოცხლე არავის არ უნდა შერჩეს“.
მარინა ბერიძეს ვკითხეთ, რატომ დაუპირისპირდა მოსახლეობის ნაწილი აქ მომუშავე ჟურნალისტებს, როცა ისინი ფაქტის გაშუქებას ცდილობდნენ.
„მადლობელი ვარ, რომ წლებია ჟურნალისტები გვერდში გვიდგანან, მაგრამ ამ ტრაგედიის დროს ძალიან გააღიზიანეს ხალხი. ვწიოდით, ვკიოდით, ორი მკვდარი ბავშვი ამოვიყვანეთ ჩვენი ხელით და ჩვენს ტკივილზე რომ კიდევ ნავთს ასხამ ცეცხლზე, ძალიან არასწორია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარინა ბერიძემ, ე.წ. ოცნების დასახლებაში მცხოვრებმა ქალმა.
„ეს ჟურნალისტები რომ არ ყოფილიყვნენ, თქვენ ამ საცხოვრებელს არ აგიშენებდნენ“, - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ „ოცნების დასახლების“ იმ მცხოვრებთა ნაწილის გასაგონად, რომლებიც ჟურნალისტებს აკრიტიკებდნენ.
15 თებერვლის უბედურ შემთხვევამდე ერთი კვირით ადრე „ოცნების დასახლებაში“ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მონაწილეობა მიიღეს საზეიმო ღონისძიებაში, სადაც მათ განაცხადეს, რომ იწყება ბინების მშენებლობის მეორე ეტაპი, რომ დასახლებაში სამი წლის განმავლობაში აშენდება 1077 ბინაზე გათვლილი ცხრა მრავალსართულიანი კორპუსი.
პირველ ეტაპზე „ოცნების დასახლებაში“ აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი, რომლებშიც საცხოვრებელი ბინებით 582 ოჯახი დაკმაყოფილდა.
ფორუმი