Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზელენსკიმ სახიფათო უწოდა პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებებს უკრაინის გარეშე

ზელენსკიმ სახიფათო უწოდა პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკებებს უკრაინის გარეშე


ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, იანვარი, 2025.
ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, იანვარი, 2025.

აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ომის დასრულების შესახებ, კიევის მონაწილეობის გარეშე, საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში.

ადრე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ მოსკოვთან განიხილა ეს საკითხი, თუმცა არ დაუზუსტებია, ვინ მონაწილეობდა განხილვაში.

"მათ შეიძლება საკუთარი დამოკიდებულება ჰქონდეთ, მაგრამ უკრაინაზე საუბარი ჩვენ გარეშე სახიფათოა ყველასთვის", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

ამის გარდა, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლაპარაკებებში, აშშ-ს, რუსეთისა და უკრაინის გარდა, მონაწილეობა უნდა მიიღონ ევროკავშირის წარმომადგენლებმაც. ზელენსკიმ დასძინა, რომ მის გუნდს, ზოგადად, მუდმივი კონტაქტი აქვს ტრამპის გარემოცვასთან და რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პირადი შეხვედრები დეტალების განსახილველად.

ამასთან, უკრაინაში ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის, კიტ კელოგის კიევში ვიზიტი გადაიდო იურიდიული მიზეზების გამო. ზელენსკის აზრით, რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკებები გამყარებული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიებით უკრაინის მოკავშირეთა მიერ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ნატოში უკრაინის შესვლა კვლავ რჩება მის პრიორიტეტად და ამას უსაფრთხოების "ყველაზე იაფი ვარიანტი" უწოდა, რომელიც სხვათა შორის, აშშ-სთვისაც მომგებიანია.

ზელენსკიმ განაცხადა ასევე, რომ რუსეთი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და არ არის მზად დათმობებისთვის, რადგან ამას დამარცხების ნიშნად მიიჩნევს, განსაკუთრებით, ბრძოლის ველზე თავისი ამჟამინდელი უპირატესობის ფონზე, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები პირადი შემადგენლობის ნაკლებობას განიცდის.

ამასთანავე, ზელენსკის თქმით, უკრაინის 800-ათასიანი არმია დამატებითი სარგებელი იქნება ნატოსთვის, განსაკუთრებით, თუ ტრამპი შეეცდება, სახლში დააბრუნოს ამერიკის ჯარები, რომლებიც საზღვარგარეთაა განთავსებული. ზელენსკი თვლის, რომ ტრამპი შეძლებდა, დაესვა პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ გააძლიერებდა სანქციებს რუსეთის ენერგეტიკისა და საბანკო სექტორის წინააღმდეგ და ასევე, თუ გააგრძელებდა კიევის სამხედრო დახმარებას.

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ნათქვამზე, რომ ომმა უკრაინა "100 წლით უკან" უკან დახია. ზელენსკიმ მიიწვია რუბიო, პირადად ჩავიდეს ქვეყანაში და ნახოს არა მხოლოდ ნანგრევები, არამედ უკრაინელების ძალისხმევაც ტერიტორიისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების დასაცავად.

დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიისას პირობა დადო, რომ უმოკლეს ვადებში მოაგვარებდა კონფლიქტს რუსეთსა და უკრაინას შორის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG