სლოვაკეთის პოპულისტმა სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია ქვეყანაში „სახელმწიფო გადატრიალების“ საფრთხის გამო. ამის შესახებ გერმანული მაუწყებელი DW წერს. სხდომა დღეს, 23 იანვარს, უნდა ჩატარდეს.
ფიცოს განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების საშიშროების შესახებ სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ არსებობს კანონიერი ხელისუფლების დამხობის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქუჩის საპროტესტო აქციებსა და ადმინისტრაციულ შენობებში შეჭრას სხვა ქვეყნებში გამოცდილი მოდელით.
ფიცომ საჯაროდ რაიმე დეტალების და მტკიცებულებების მოყვანის გარეშე თქვა, რომ სლოვაკეთში არსებობს სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებული ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ანალოგიურ პროცესებში მონაწილეობდა საქართველოსა და უკრაინაში(მაიდანი).
22 იანვარს ოპოზიციურმა პარტიებმა, „პროგრესულმა სლოვაკეთმა“, „თავისუფლება და სოლიდარობამ“ და „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ პარლამენტს ხელახლა მიმართეს ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივით. კენჭისყრა შვიდი დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. სამ ოპოზიციურ პარტიას სლოვაკეთის 150-წევრიან პარლამენტში 55 დეპუტატი ჰყავს.
პრემიერ-მინისტრ ფიცოსთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის სხდომაზე 21 იანვარსაც უნდა განეხილათ, თუმცა ოპოზიციამ წინადადება გაიწვია და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც სპიკერმა ფიცოს მიმართვა დააკმაყოფილა და სხდომის დახურული რეჟიმით ჩატარება გადაწყვიტა.
რობერტ ფიცომ სხდომის დახურვის მოთხოვნა იმით ახსნა, რომ დეპუტატებისთვის უნდა წარედგინა სპეცსამსახურების საიდუმლო მოხსენება სლოვაკეთში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ.
ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ფიცოს ადანაშაულებს სლოვაკეთის იზოლაციის გამომწვევ ანტიდასავლურ საგარეო-პოლიტიკურ კურსსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან თანამშრომლობაში და აცხადებს, რომ არ დაუშვებს აღმოსავლეთისკენ ქვეყნის შეტრიალებას.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან ერთად ხშირად აკრიტიკებს დასავლეთს, მის პოლიტიკას რუსეთისადმი და უკრაინის მხარდაჭერას.
ფიცო და ორბანი მხარს უჭერენ დასავლეთის მიერ ბოლო ხანს სულ უფრო მეტად იზოლირებულ „ქართულ ოცნებას" და მის პოლიტიკას.
ფორუმი