Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ჩავიდა


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.

ზურაბიშვილი ცერემონიაზე ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა მიიწვია. ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრი, „ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე ჯო უილსონი იმ ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევენ და შესაბამისად, არ აღიარებენ 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩეული პარლამენტის, მის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის და „ქართული ოცნების" ხმათა უმრავლესობით კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობას.

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები და სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

ახალი არჩევნებია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მოქალაქეთა საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც „ქართული ოცნების" მთავრობამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში ვიზიტისას დაგეგმილია „მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები". ვისთან, პრესსამსახური არ აკონკრეტებს.

21 იანვარს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკურ საბჭოში დაგეგმილ განხილვაში, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტს და რუსეთის მავნე გავლენის საფრთხეს ეხება.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან ურთიერთობები უკიდურესად გაამწვავა.

2024 წელს, ე.წ. აგენტების კანონის და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ, ნოემბერში კი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო.

„ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამდე გაცილებით ადრე, 2024 წლის ივნისში, ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლისა და კანდიდატის ვალდებულებებისგან უკან დახევის გამო, თავად შეაჩერა ქვეყნის გაწევრების პროცესი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების" წარმომადგენლების, მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებიც აამოქმედა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG