„ჩემი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება, იმიტომ რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა თქვენთან ერთად გავიყვანო იმ სამშვიდობოზე, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების და მისი კურსის გარეშე არ შეიძლება რომ იყოს მიღწეული“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მას ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორი იქნება მისი პოლიტიკური გეგმები ახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.
„როგორი იქნება პარტიების გაშლა ამ არჩევნებში და ამაში ჩემი მონაწილეობა, ეს არის ხვალინდელი კითხვა“, - უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტს.
მისი თქმით, ხელისუფლება იშლება:
„დღეს მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ერთი, რომ ეს რეალობა დაინახოს, დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე... მეორე ვარიანტი ბევრად უფრო ძნელი და რთულია ქვეყნისთვის, თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე, რომ მმართველი პარტია თავის ბოლომდე დაშლას დაელოდოს, რაც სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას მოითხოვს. მაგრამ ესეც იქნება, თუკი მმართველი პარტია არ შეეგუება იმას, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის, ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი შეიძლება ამ ქვეყანაში“.
მიხეილ ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას არ ცნობენ მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. ყაველაშვილი იყო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი 2023 წელს.
ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილს ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე აშშ-მ სანქციები დაუწესა.
ფორუმი