ბოლო ინფორმაციით, სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა ახალი წლის ღამეს, ახალ ორლეანში მომხდარ ფაქტს, როდესაც სწრაფად მოძრავი ავტომობილი ადამიანების ჯგუფს შეეჯახა, ხოლო შემდეგ - მძღოლმა ხალხის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღით დაიწყო სროლა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება ტერაქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, ახალ ორლეანში, ტერაქტის შემდეგ, სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია 42 წლის კაცი, შამსუდ-დინ ჯაბარი - აშშ-ის მოქალაქე, რომელიც ტეხასის შტატში ცხოვრობდა. დასტურდება, რომ წარსულში ის აშშ-ის არმიაშიც მსახურობდა. ამ ეტაპზე იკვლევენ გათავისუფლების მიზეზებს.
კაცი სავარაუდოდ დაქირავებული ავტომობილით გადაადგილდებოდა და თან ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა. ასევე ავტომობილში აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები. მსგავსი მოწყობილობები აღმოჩენილია შემთხვევის ადგილზეც. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ჯაბარს მოკავშირეებიც ჰყავს და გამოძიება მათ გამოვლენაზე მუშაობს.
ტერაქტი მოხდა 1 იანვარს, შუაღამისას, როდესაც ადამიანები ახალი წლის მოსვლას ზეიმობდნენ.
1 იანვარს, საგანგებო ბრიფინგზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გამოძიებაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ახალ ორლეანში ავტომობილით სასიკვდილო შეჯახებამდე, რამდენიმე საათით ადრე, ბრალდებულმა მძღოლმა სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც მან ტერაქტის ჩადენის ინსპირაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ დაუკავშირა და ადამიანების მოკვლის სურვილი გამოხატა.
ჯო ბაიდენმა განაცხადა ასევე, რომ მოწმდება ვერსია ამ ინციდენტის კავშირზე ლას-ვეგასში 1 იანვარს მომხდართან, როდესაც Trump Hotel-ის წინ, პიროტექნიკითა და საწვავით დატვირთული ავტომობილი - Tesla Cybertruck-ი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, ხოლო შვიდმა ადამიანმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
პოლიციას ჯერ ასევე არ დაუდგენია, იყო თუ არა ეს ინციდენტი მიმართული აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ან მისი მოკავშირის, Tesla-ს მფლობელის, ელონ მასკის წინააღმდეგ.
ფორუმი