73 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი, ოლივია ჰასი, რომელმაც ჯულიეტას როლი შეასრულა 1968 წელს გამოსულ ფილმში "რომეო და ჯულიეტა". მსახიობის სიკვდილის ცნობას მისი ოჯახი ავრცელებს, ოლივია ჰასი პარასკევს გარდაიცვალა, "მშვიდად, სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში", - ვკითხულობთ მსახიობის ინსტაგრამის გვერდზე.
ჰასი 15 წლის იყო, როცა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ის შექსპირის ტრაგედიის ეკრანიზაციაში გადაიღო. ძეფირელის "რომეო და ჯულიეტას" ორი ოსკარი ერგო, ჰასი ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა. რომეოს როლს ფილმში ასრულებდა ბრიტანელი მსახიობი, ლენარდ უაითინგი, რომელიც მაშინ 16 წლის იყო.
ათწლეულების შემდეგ ჰასიმ და უაითინგმა სასამართლოში უჩივლეს კომპანია Paramount Pictures-ს, სექსუალური შევიწროების და ფილმში სიშიშვლის მომცველი სცენების ირგვლივ მაქინაციების ბრალდებებით. მსახიობების თქმით, თავიდან მათ ეუბნებოდნენ, რომ საწოლი ოთახის სცენაში სხეული კანის ფერის საცვლებით ექნებოდათ დაფარული, მაგრამ საკუთრივ გადაღების დღეს ძეფირელიმ მათ განუცხადა, რომ სხეულებს მხოლოდ კოსმეტიკურად დაუფარავდნენ და კამერა ისე განთავსდებოდა, რომ ეკრანზე სიშიშვლე არ იქნებოდა ასახული. მსახიობები აცხადებდნენ, რომ მათი შიშველი სხეულები მათი თანხმობის გარეშე იქნა გადაღებული. 2023 წელს საქმე დახურა ლოს-ანჯელესის ოლქის მოსამართლემ, რომელმაც ჩათვალა, რომ შემთხვევა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო მოზარდთა პორნოგრაფიად და, რომ თან მსახიობებმა საქმე ძალიან გვიან აღძრეს.
ოლივია ჰასი 1951 წლის 17 აპრილს დაიბადა არგენტინაში, ბუენოს-აირესში და შემდეგ, ბავშვობის ასაკში ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.
ფორუმი