26 დეკემბერს რუსეთის არმიამ დაარტყა უკრაინის ქალაქ ნიკოპოლის ცენტრალურ ბაზარს. წინასწარი ინფორმაციით, რვა ადამიანი დაშავდა.
როგორც სამაშველო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებიან, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მნიშვნელოვნად დაზიანდა სავაჭრო ნაგებობები. "უკრაინსკაია პრავდა" იმოწმებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი ლისაკის ნათქვამს, რომ სამი დაშავებული - 39, 63 და 64 წლის ქალები - მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
მოგვიანებით ლისაკმა დააზუსტა, რომ ერთი დაშავებული ქალი კრიტიკულ მდგომარეობაშია, სამი პირი მძიმედაა.
რუსეთმა 25 დეკემბერს, ქრისტესშობის დღეს, „მასიური“ თავდასხმები მოაწყო უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ იერიშს უწოდა კრემლის ჯარების „არაადამიანური“ თავდასხმა, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი გათბობის გარეშე, სიცივეში დატოვა და კიევში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
ფორუმი