თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაიდენი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიზანია, ზამთარში უკრაინელ ხალხს წაართვას ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომა და საშიშროება შეუქმნას უკრაინის ენერგოსისტემის უსაფრთხოებას.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდ და უსაფრთხო ცხოვრებას, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ის რუსეთის აგრესიაზე არ გაიმარჯვებს.
ჯო ბაიდენის ინფორმაციით, ბოლო თვეებში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუგზავნა საჰაერო თავდაცვის ასეულობით რაკეტა და კიდევ უფრო მეტი გზაშია. პრეზიდენტმა ბაიდენმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, განაგრძოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ ემზადება უკრაინისთვის კიდევ 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გასაწევად, რაც იქნება პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე. ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან დაიწყებს, არაერთხელ გააკრიტიკა უკრაინისთვის მასშტაბური სამხედრო დახმარების გაწევა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია დაახლოებით 62,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
25 დეკემბერს რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტებით და დრონებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ტერიტორიაზე. კიევის ინფორმაციით, მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ობიექტები იყო.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 78 რაკეტა და 106 უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 59 რაკეტა და 54 დრონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მასირებული შეტევის სამიზნე იყო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას დღემდე მიზანმიმართულად უტევს. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
ფორუმი