Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: პუტინმა უკრაინაზე შეტევისთვის შეგნებულად აირჩია შობა


უკრაინელი მეხანძრეები დნეპროპეტროვსკის ოლქში აქრობენ რუსეთის სარაკეტო დარტყმით გამოწვეულ ხანძარს. 2024 წლის 25 დეკემბერი
უკრაინელი მეხანძრეები დნეპროპეტროვსკის ოლქში აქრობენ რუსეთის სარაკეტო დარტყმით გამოწვეულ ხანძარს. 2024 წლის 25 დეკემბერი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა დღევანდელი მასირებული შეტევა საგანგებოდ დაამთხვია შობის დღესასწაულს.

„დღეს პუტინმა შეტევისთვის შეგნებულად აირჩია შობა. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო არაადამიანური?“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში.

უკრაინა ზოგიერთი სხვა მართლმადიდებლური ქვეყნის, მათ შორის რუსეთის და საქართველოს მსგავსად, შობას 7 იანვარს აღნიშნავდა. 2023 წლის ივლისში უკრაინის პარლამენტმა ზოგიერთი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის დღე შეცვალა. მათ შორის შობის - 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერი.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთმა დღევანდელი მასირებული შეტევისთვის გამოიყენა 70-ზე მეტი რაკეტა და 100-ზე მეტი დრონი, მთავარი სამიზნე კი ენერგეტიკა იყო.

ზელენსკის წინასწარი მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 50-ზე მეტი რაკეტა და დრონების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაგდეს. უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ენერგეტიკოსები მუშაობენ რამდენიმე რეგიონისთვის შეწყვეტილი ენერგომომარაგების რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად.

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას დღემდე მიზანმიმართულად უტევს. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.

უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG