უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღევანდელი მასირებული შეტევისას, რომლის სამიზნე ენერგოობიექტები იყო, გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 78 რაკეტა, მათ შორის ბალისტიკური, ფრთოსანი და საზენიტო-მართვადი, და 106 უპილოტო საფრენი აპარატი.
სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 59 რაკეტა და 54 დრონი.
საჰაერო ძალების ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე შეტევა იყო ხარკოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ჟიტომირის, ივანო-ფრანკოვსკის და ზაპოროჟიეს ოლქებში.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ენერგოობიექტების გარდა, დაზიანებულია სახლები და ადმინისტრაციული შენობები. დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი და სამი დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით დღევანდელი მასირებული შეტევის სამიზნე იყო ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას დღემდე მიზანმიმართულად უტევს. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.
ფორუმი