- ოცი დღეა, რაც საქართველოში ევროინტეგრაციის მომხრეთა აქციები მიმდინარეობს. ბევრი ჯგუფი ჩაერთო „წინააღმდეგობის“ ამ მოძრაობაში. საზოგადოება სამღვდელოებასაც სთხოვს აზრი გამოხატოს.
- აუცილებლად დადგება დრო, როცა ეს ახალგაზრდობა ძლიერ საქართველოს დაბადებს. მათი ბრძოლა სამართლიანია და დღეს მათთან დგომა არის აუცილებელი. ბევრ ქართველს ხვალ სხვა საქართველოში არ მოუწიოს ცხოვრებამ. არ ჰქონდეს სანანებლად, რატომ არ ვიდექი ამ ახალგაზრდების გვერდითო.
- თქვენი აზრით, რატომ არ დგას უფრო მეტი ხალხი მათ გვერდით?
- ბევრი დგას. ბევრმა შეიძლება რაღაცის გამო ვერ გამოხატოს თავისი პოზიცია.
- შეიძლება სასულიერო პირებმა იფიქრონ, რომ მათი საქმე უფრო ლოცვაა, ვიდრე სიტყვით ან აქციაზე დგომით მხარდაჭერა?
- ლოცვით, რა თქმა უნდა, უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთი შეგვეწიოს, მაგრამ როდესაც სიტყვაა სათქმელი, სიტყვა უნდა ითქვას. მაცხოვარი მოციქულებს მუდმივად ლოცვისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ ეუბნება, წადით და იქადაგეთო. ლოცვა და სიტყვა ერთად უნდა იყოს. ამ ახალგაზრდების დემონიზებას კი არ უნდა ახდენდნენ, პირიქით. იქ ძალიან ბევრი მორწმუნე დგას, პატრიარქის ბევრი ნათლული, სასულიერო პირების შვილები დგანან ბევრნი, ვიცნობ პირადად.
რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა პატრიარქის წერილი, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ საქართველოს არჩევანი ყოველთვის ევროპული ცივილიზაცია იყო და ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ.
როდესაც ებრაელი ერი ეგვიპტის მონობაში იყო, ღმერთმა მოსე მოავლინა და გამოიყვანა. თუ შევადარებთ, ეს ახალგაზრდები, სწორედ ის ხალხია, რომელიც უდაბნოში, თავისუფლებაში დაიბადა. რაღაცნაირად სხვა ხმაა.
- რა განსხვავებას ხედავთ იმ თაობებს შორის, რომელსაც საბჭოთა წყობაში მოუწია ცხოვრება და რომელმაც მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველო იცის?
- თუ ისევ ბიბლიას მივუბრუნდებით, ბევრი ეგვიპტეს კარგად იხსენებდა, იქ ხორცს ვჭამდითო. ბევრი განსაცდელს ვერ უძლებდა უდაბნოში და ისევ ეგვიპტე ერჩივნა. თავისუფლება ყველაზე დიდი რამ არის. ღმერთმა შექმნა ადამიანი, რომელსაც იმის უფლება მისცა, რომ ღმერთზე უარი ეთქვა.
ბევრ ახალგაზრდასთან მაქვს შეხება. უამრავ კითხვას სვამენ, ხშირად ისეთსაც, რომელზეც მე არ მიფიქრია და ამ შეკითხვის მერე ვიწყებ ფიქრს. როდესაც საზოგადოება თავისუფალია, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით.
- ძალადობის ძალიან მძიმე კადრები ვნახეთ. ვხედავთ იმასაც, რომ ამ ნაცემ-ნაწამებ ხალხს შემდეგ ციხეში უშვებენ.
- უსამართლობა ბოროტებაა და უსამართლობის გამართლება - უფრო მეტი ბოროტება. ასეთი ძალადობა, ახალგაზრდებზე, ქალებზე... არც ჩვენს კულტურას არ უხდება. არ ვართ ის ერი, რომელიც ასე ექცეოდა ქალებს.
ახალგაზრდებთან ბრძოლაზე ერთი რამ მახსენდება. წყაროს სათავეს ქვები რომ დაუშინო წყლის შესაჩერებლად, ხომ უფრო იფეთქებს წყალი? ან სურნელოვანი ჭურჭელი რომ გატეხო, იმ აზრით, სურნელს გავაქრობო?.. ამ ახალგაზრდებს უნდა მოვუსმინოთ. ეს უნდა შევძლოთ.
- ბევრი მოძღვარი ქადაგებს, რომ დასავლეთი ცუდია, გარყვნილია... ამას უსმენს ხალხი და ნაწილი იჯერებს კიდეც.
- არის განსხვავებული აზრები, მაგრამ ისტორიულად რომ შევხედოთ, რუსეთთან ცხოვრებამ რა მოგვიტანა? ავტოკეფალია გაგვიუქმეს, ქართულად წირვა აკრძალეს, ჩვენს ფრესკებს შეეხნენ. რამდენია წმინდანად შერაცხილი, რომლებიც სწორედ რუსეთის მიერ იდევნებოდნენ?! მახსოვს, ბებიაჩემი მორწმუნე იყო და ღამე წამიყვანეს ჩუმად მოსანათლად.
ჩვენი ეკლესიები ევროპაშიც არის და ამერიკაშიც. ბევრი ემიგრანტი დადის იქაურ ტაძრებში, არავინ უკრძალავს, არ წახვიდეო.
ეს უფრო „გაშავების“ ნაწილია, რომ აი, ევროპა გვღუპავს.
- მიუხედავად ხანგრძლივი პროტესტისა, ხელისუფლება არ იმჩნევს, რომ ამდენი ხალხი ქუჩაში დგას.
- შენი ერის ხმას ყოველთვის უნდა მოუსმინო და დაფიქრდე. უნდა მოუსმინო იმ ხალხს, რომელიც სამართლიანად ამბობს თავის სიტყვას. როდესაც მეოცე დღეს ხალხი ისევ ქუჩაშია, ესე იგი ეს ემოცია კი არ არის, გაცნობიერებული პროტესტია და ეს საზოგადოება ადვილად არ დადუმდება.
ფორუმი