Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბუნდესტაგის არჩევნები გერმანიაში - ვინ არიან კონკურენტები და რა შანსები აქვთ

ბუნდესტაგის არჩევნები გერმანიაში - ვინ არიან კონკურენტები და რა შანსები აქვთ


საარჩევნო ბანერები გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში: მარცხნივ - ფრიდრიხ მერცი (CDU), მარჯვნივ - გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი (SPD)
საარჩევნო ბანერები გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში: მარცხნივ - ფრიდრიხ მერცი (CDU), მარჯვნივ - გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი (SPD)

23 თებერვალს გერმანიაში ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები იმართება, რომელიც მმართველი კოალიციის დაშლის გამო დაინიშნა. წინასწარი რეიტინგები მიუთითებს, რომ არჩევნების შემდეგ, მემარცხენე-ცენტრისტ კანცლერს, ოლაფ შოლცს მემარჯვენე-ცენტრისტი ფრიდრიხ მერცი ჩაანაცვლებს.

შოლცის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) სამი ძირითადი კონკურენტი ჰყავს: ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბლოკი (CDU-CSU), ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და „მწვანეები“ (GRÜNE).

  • ბუნდესტაგის [პარლამენტის ქვედა პალატა] არჩევნებისთვის პარტიები წინასწარ წარადგენენ კანდიდატებს კანცლერის პოსტისთვის;
  • არჩევნების შემდეგ, შედეგებისა და მიზნების მიხედვით, ყალიბდება მმართველი კოალიცია;
  • კანცლერად არჩევის რეალური შანსი აქვს კოალიციაში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის კანდიდატს;
  • ახალი ბუნდესტაგი კანცლერს [მთავრობის ხელმძღვანელი] ხმების აბსოლუტური უმრავლესობით აირჩევს. ამის შემდეგ, ის დაიწყებს მთავრობის დაკომპლექტებას;
  • ბუნდესტაგში ხვდებიან პარტიები, რომლებიც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავენ.

არჩევნებზე საკმაოდ მაღალ შედეგს უწინასწარმეტყველებენ ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე პარტიას - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მაგრამ ის, დიდი ალბათობით - ძალაუფლების სადავეებთან არ აღმოჩნდება, რადიკალური მიდგომებისა და ბუნდოვანი იმიჯის გამო.

ამ სტატიაში ძირითად კანდიდატებს გადავავლებთ თვალს - მათ საქმიანობას, მიზნებს, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და შანსებს.

„სოციალ-დემოკრატიული“ პარტია (SPD) და მისი კანდიდატი, მოქმედი კანცლერი ოლაფ შოლცი

ოლაფ შოლცმა გერმანიის კანცლერის პოსტი 2021 წელს დაიკავა, როცა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD), ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU) სძლია. SPD-ს ლიდერობით მაშინ შეიქმნა სამი პარტიის მმართველი კოალიცია, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება და 2024 წლის ნოემბერში დაიშალა, ბიუჯეტთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.

23 თებერვლის არჩევნებში, როგორც ჩანს, ყველაფერს სხვაგვარად იქნება.

  • საზოგადოებრივი აზრის კვლევით, SPD-ს ახლა მხოლოდ 15%-იანი მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს.
  • აშკარაა, რომ შოლცი კანცლერის პოსტს გამოემშვიდობება, თუმცა ახალი კანცლერის არჩევას შესაძლოა არცთუ ცოტა დრო დასჭირდეს.

2024 წელს, ევროპარლამენტის არჩევნებში, SPD-მ მესამე ადგილი დაიკავა. დაბალი შედეგი აჩვენა მმართველი კოალიციის სხვა ორმა პარტიამაც: „მწვანეებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“.

შოლცის პარტიის 15%-იანი რეიტინგი - რიგით მესამე ადგილს ნიშნავს, მაგრამ, როგორც მოელიან, SPD კვლავ დარჩება მმართველ კოალიციაში, პირველ ადგილზე გასულ ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად.

ოლაფ შოლცი - გერმანიის კანცლერი და კანცლერობის კანდიდატი (SPD)
ოლაფ შოლცი - გერმანიის კანცლერი და კანცლერობის კანდიდატი (SPD)

ოლაფ შოლცის მმართველობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს დაემთხვა.

კრიტიკოსთა მთავარი ბრალდებები მიგრაციული ნაკადებისა და ფასების ზრდას, ეკონომიკურ პრობლემებსა და გერმანიის, როგორც ევროპული ლიდერის როლის შესუსტებას უკავშირდება.

შოლცს უტევს მილიარდერი ილონ მასკი - აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მან გერმანიის კანცლერს სულელიც კი უწოდა. მაგრამ შოლცს უფრო მეტად ის აღელვებს, რომ მასკი მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).

ოლაფ შოლცის ხელისუფლება რუსეთთან ომში ცალსახად უკრაინას უჭერს მხარს - ფულითაც და სამხედრო ტექნიკითაც. გერმანიის დახმარება ყველაზე მასშტაბურია, აშშ-ის შემდეგ.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნების შემდეგ, შოლცმა უფრო თამამად დაუჭიროს მხარი სამხედროების გაგზავნას უკრაინაში.

შოლცი იმედგაცრუებას არ მალავს, რომ ახლა აშშ ომის ბედის გადაწყვეტას უკრაინის ჩართულობის გარეშე, რუსეთთან მოლაპარაკებების გზით ცდილობს.

„უკრაინა უნდა იყოს ამ მოლაპარაკებების ნაწილი. ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და ამას გავუსვი ხაზი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრების დროს”, - დაწერა შოლცმა X-ზე, 17 თებერვალს, უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების საფრანგეთში შეხვედრის შემდეგ.

გერმანია ამ ეტაპზე მხარს არ უჭერს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, რასაც, აშშ-სთან დაპირისპირების ფონზე, წუხილით აღნიშნავს პრეზიდენტი ზელენსკი.

შოლცის გერმანია რეაგირებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც.

გერმანიასთან, ისევე როგორც დასავლელი პარტნიორების უდიდეს ნაწილთან, ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაიძაბა „ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ე.წ. აგენტების კანონის დამტკიცების შემდეგ, რამაც დემოკრატიული უკუსვლისა და თბილისის ანტიდასავლური პოლიტიკის ფონზე, თანდათან პიკს მიაღწია.

  • გერმანიამ საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობა შეაჩერა - ახალი პროექტები არ დაამტკიცა და სასესხო ხელშეკრულებებზეც თქვა უარი;
  • გერმანიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების” ხელისუფლების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რამაც საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იჩინა თავი, ხოლო ნოემბრის ბოლოდან უწყვეტი პროტესტის ტალღა აგორდა, გერმანია შეუერთდა არაერთ განცხადებას, რომლებსაც ევროპელი ლიდერები [მათ შორის - ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში] აწერენ ხელს.

გერმანია ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს.

პარტიების დონეზე კი, რაც ბოლოს ევროპარლამენტში გამოჩნდა, „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები ულტრამემარჯვენეების რიგებში გამოუჩნდა.

თბილისი გაღიზიანებას არ მალავს გერმანელი პოლიტიკოსებისა თუ ელჩის - პეტერ ფიშერის მიმართ, რომელიც ასევე მკაცრი განცხადებებით გამოირჩევა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, თებერვალში, არ იყო მიწვეული მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელსაც ყოველწლიურად - გერმანიის ხელისუფლება მასპინძლობს.

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბლოკი (CDU-CSU) და მისი წარმატებული კანდიდატი ფრიდრიხ მერცი

კვლევებზე დაყრდნობით, ყველაზე მაღალი, თითქმის 30%-იანი რეიტინგი „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა“ (CDU-CSU) და მის კანდიდატს - პროფესიით იურისტ ფრიდრიხ მერცს აქვს.

ყველა განზომილებით, მერცი გერმანიის მომავალი კანცლერი იქნება.

ფრიდრიხ მერცი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) კანცლერობის კანდიდატი.
ფრიდრიხ მერცი - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) კანცლერობის კანდიდატი.

უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა მერცის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო გზავნილია, თუმცა ეს თემა მეტ-ნაკლებად აქტუალურია ყველა კანდიდატისთვის და განსაკუთრებული სიხისტით - ულტრამემარჯვენეებისთვის.

სპეციალისტები არ მოელიან, რომ ფრიდრიხ მერცი წინამორბედი თანაპარტიელის - ანგელა მერკელის მსგავსად ძლიერი ლიდერი იქნება, მაგრამ ფიქრობენ, რომ - ის გაზრდის გერმანიის ზეგავლენას ევროპის ძალაუფლების ცენტრში, რომელიც დღეს ევროპის სახალხო პარტიის [EPP] ხელშია. სწორედ ამ პოლიტიკურ ოჯახს მიეკუთვნება CDU.

მერცის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა გერმანიის ეკონომიკის წახალისება, ხარჯების 100 მილიარდი ევროთი შემცირების გზით. თუმცა ეს მიზანი, „გარდიანის“ თანახმად - წინააღმდეგობაშია მისი, როგორც მომავალი კანცლერის სურვილთან - ევროპის მეტად მილიტარიზებისა და უკრაინის მეტად დახმარების შესახებ.

უკრაინაში მიმდინარე ომი წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. 17 თებერვალს, დებატებისას, ოლაფ შოლცმა სახიფათო და უპასუხისმგებლო უწოდა ფრიდრიხ მერცის ინიციატივას - გერმანული ფრთოსანი რაკეტების [TAURUS] გაგზავნას კიევისთვის. ამ პოზიციის გამო მერცი ალის ვაიდელმაც გააკრიტიკა - ეს რუსეთის პროვოცირება იქნებაო.

სპეციალისტები გამორიცხავენ, რომ მერცმა კოალიცია შეკრას - ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე პარტიასთან - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). ყველაზე რეალისტურად გამოიყურება ფრიდრიხ მერცის პარტიის მომავალი კოალიცია - როგორც ოლაფ შოლცის პარტიასთან, ასევე „მწვანეებთან“.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და მისი ხმაურიანი კანდიდატი ალის ვაიდელი

ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, ალის ვაიდელს ოპონენტები ქამელეონს ეძახიან და, ამავე დროს, უფასებენ გამორჩეულ ჭკუასა და არაორდინარულ, ქარიზმატულ იმიჯს.

ალის ვაიდელის პარტიას [AfD], 20%-იანი რეიტინგით, არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლას უწინასწარმეტყველებენ. ის აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს.

AfD-ის რეიტინგი მზარდია და გერმანიის დასავლეთ ნაწილთან შედარებით, ბევრად მაღალია აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც კომუნისტური ზეგავლენების გამოცდილება აქვთ.

ევროსკეპტიციზმი, მიგრანტების მასობრივად გაძევება გერმანიიდან და სექსუალური უმცირესობების მიმართ ხისტი დამოკიდებულება AfD-ს სავიზიტო ბარათია. ვაიდელიც ამ პრინციპებს მიჰყვება.

ეს აქცენტები ულტრამემარჯვენისგან არავის გაუკვირდებოდა, ალის ვაიდელი თავადაც ემიგრანტი და ღიად ლესბოსელი ქალი რომ არ იყოს. ის შვეიცარიაში ცხოვრობს - ორ ვაჟთან და შრი-ლანკელ პარტნიორ ქალთან ერთად. როგორც გერმანული მედია წერს, ეს კავშირი ერთგვარ სამოქალაქო ქორწინებას წარმოადგენს.

ალის ვაიდელი - ულტრამემარჯვენე პარტიის კანცლერობის კანდიდატი
ალის ვაიდელი - ულტრამემარჯვენე პარტიის კანცლერობის კანდიდატი

ხშირად ახსენებენ ალის ვაიდელის ბაბუასაც, ჰანს ვაიდელს, ნაცისტების ერთგულ სამხედრო მოსამართლეს, რომელსაც ბევრი ადამიანის სიკვდილიც ბრალდება. კანცლერობის კანდიდატი გავლენებს პრინციპულად უარყოფს და ყოველ ჯერზე ირწმუნება, რომ ოჯახური უთანხმოების გამო, ბაბუასთან კონტაქტი არ ჰქონდა.

ვაიდელის ღია მხარდამჭერია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და დონალდ ტრამპის გუნდის წევრი, ილონ მასკი. მან წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ღონისძიების დროს, 25 იანვარს, დისტანციურად მიმართა შეკრებილებს - დაახლოებით 5 ათას ადამიანს. მასკმა შეუტია გერმანიის დღევანდელ ხელისუფლებას და მას ხალხის იგნორირებაში დასდო ბრალი.

ამავე კონტექსტში, გერმანიის წინასაარჩევნო კამპანიის მწვავე სადისკუსიო თემად იქცა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც მან გერმანია და ევროკავშირი გააკრიტიკა.

ვენსი შეხვდა ვაიდელსაც.

  • მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ AfD-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები ნაციზმის პერიოდის დანაშაულების რბილად წარმოჩენას ცდილობენ.
  • ასევე შოლცის სიტყვებით, „სრულიად ცხადია, რომ უკიდურესი მემარჯვენეები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესის მიღმა უნდა დარჩნენ” და „მათთან არანაირი თანამშრომლობა არ იქნება”.

გერმანიის ქალაქებში იმართებოდა მასობრივი დემონსტრაციები AfD-ისა და რადიკალი მემარჯვენეების წინააღმდეგ. ბერლინის აქციაზე, ორგანიზატორების ინფორმაციით, 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

ვაიდელის მხარდამჭერები საქართველოში

ალის ვაიდელის AfD მემარჯვენე პოპულისტებისა და პრორუსული განწყობების მქონეთა რჩეულია და საქართველოში, მათ შორის - „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა აშკარა სიმპათიით სარგებლობს. ისინი ახლა შეწუხებული არიან, რომ ვაიდელის პარტია მკაფიო უპირატესობით ვერ მოიგებს და, ძალიან დიდი ალბათობით, ვერც მმართველ კოალიციაში მოხვდება.

ევროპარლამენტში, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენლები [ჰანს ნოიჰოფი, ალექსანდერ ზელი, პეტრ ბისტრონი და ტომაშ ფროელიხი] მუშაობდნენ „ქართული ოცნების” მხარდამჭერ რეზოლუციაზე, 400 ხმით დამტკიცებული მწვავედ კრიტიკული რეზოლუციის საპირწონედ. 13 თებერვალს ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში [„საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“] გამოკვეთილია მოთხოვნა „ოცნების” ლიდერებისა და მაღალჩინოსნების სანქცირების შესახებ, ოჯახის წევრების ჩათვლით, ჩამოთვლილია გვარებიც.

AfD კრიტიკის მთავარი სამიზნეა კონკურენტებისთვის, გერმანიაში. მათთვის თვალშისაცემი და მიუღებელია ალის ვაიდელის ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ.

ალის ვაიდელი აცხადებს, რომ გერმანია უნდა დარჩეს ნეიტრალური და განავითაროს ურთიერთობა რუსეთთან.

პროფესიით ეკონომისტმა, ალის ვაიდელმა, დოქტორის ხარისხი ჩინეთში მიიღო, სადაც ის დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, სრულყოფილად ფლობს ჩინურ ენას. მანამდე ვაიდელი მუშაობდა საინვესტიციო ბანკში - Goldman Sachs.

“მწვანეები” ( GRÜNE) და მათი კანცლერობის კანდიდატი რობერტ ჰაბეკი

ჰაბეკი გერმანიის ვიცე-კანცლერი და ეკონომიკის მინისტრია, პარტიის „კავშირი 90/ მწვანეები“ ყოფილი თანათავმჯდომარე. „მწვანეები“, 2021 წლიდან, შოლცის მმართველი კოალიციის შემადგენლობაში იყვნენ.

წინასაარჩევნო კვლევები, 12-14%-იანი რეიტინგით, „მწვანეებს“ მეოთხე ადგილს უწინასწარმეტყველებენ. ისინი, დიდი ალბათობით, აღმოჩნდებიან კოალიციაში, რომელიც „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ გარშემო შეიკვრება.

ექსპერტები მმართველ კოალიციაში მოიაზრებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას არ იზიარებს და ვისაც 5%-იანი წინასაარჩევნო ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება.

რობერტ ჰაბეკი - კანცლერობის კანდიდატი "მწვანეებიდან"
რობერტ ჰაბეკი - კანცლერობის კანდიდატი "მწვანეებიდან"

გარემოს დაცვა, ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია, სახელმწიფოს მხრიდან მთელი რიგი სფეროების მაღალი სუბსიდირება - პარტიის მიზნებს რობერტ ჰაბეკი წინასაარჩევნო პერიოდშიც ახმოვანებს. როგორც გერმანული მედია იუწყება, პარტიის მემარცხენე ფრთას არ მოსწონს ვიცე-კანცლერის მხარდაჭერილი გადაწყვეტილება - თავშესაფრის მაძიებლებისა და საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ.

რობერტ ჰაბეკი უკრაინის მკაფიო მხარდამჭერია. ომის დროს რამდენჯერმე ჩავიდა კიევში და მათ შორის - მოულოდნელადაც. ჰაბეკი ომის დასაწყისშივე აღნიშნავდა, რომ უკრაინა თავისი ბრძოლით ევროპის დამცველია და მისი დახმარებაა საჭირო.

როგორც იუწყებიან, ეკონომიკის მინისტრის რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც - უკრაინაში ომის ფონზე, გერმანიას ენერგოპროდუქტებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა და ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

წინასაარჩევნო გენერალური დებატებისას რობერტ ჰაბეკმა გერმანიის პრობლემებში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა. მან თქვა, რომ ყველა პარტია თანხმდება უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე, ერთის გამოკლებით. ეს არის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

უკვე ნათელია, რომ ამ ოთხ პარტიას გარანტირებული აქვს მანდატები ბუნდესტაგში. მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, გადალახავს თუ არა 5%-იან ბარიერს კიდევ სამი პარტია: აქედან ერთ-ერთი - მმართველი კოალიციის ყოფილი წევრია - „თავისუფალი დემოკრატები” (FDP) და კიდევ არის ორი მკაფიოდ მემარცხენე პარტია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG