Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„რუსეთი ჩვენი მტერი არაა“ - ვინ არიან „ოცნების“ მხარდამჭერები ევროპარლამენტში

„რუსეთი ჩვენი მტერი არაა“ - ვინ არიან „ოცნების“ მხარდამჭერები ევროპარლამენტში


"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეზოლუციის თანაავტორები. მარცხნიდან - პეტრ ბისტრონი, ჰანს ნოიჰოფი, პეტარ ვოლგინი და სტანისლავ სტოიანოვი
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეზოლუციის თანაავტორები. მარცხნიდან - პეტრ ბისტრონი, ჰანს ნოიჰოფი, პეტარ ვოლგინი და სტანისლავ სტოიანოვი

გასულ კვირას ექვსმა ევროპარლამენტარმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინა, რომელიც ევროპარლამენტმა არ მიიღო. „ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის ავტორები და მათი პარტიები არ მალავენ პრორუსულ პოზიციებს.

„ევროპარლამენტის ორი მხარე“ - ამ სათაურის სიუჟეტი გავიდა ტელეკომპანია „იმედზე“ 13 თებერვალს, როცა ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი „ქართული ოცნებისადმი“ მწვავედ კრიტიკულ რეზოლუციას.

რეზოლუცია, რომელსაც მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა და წინააღმდეგი 63 იყო, არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობს სალომე ზურაბიშვილს და ითხოვს „ქართული ოცნების“ ელიტისთვის სანქციების დაწესებას.

„მეორე მხარის“ რეზოლუცია საპირისპირო შინაარსის იყო. მისი ავტორები გმობდნენ „ევროკავშირის უარს, ცნოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია“ და ევროპელ მაღალჩინოსნებს „ქართველი ხალხის ნათელი და დემოკრატიული არჩევანის” საწინააღმდეგოდ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ. იმის გამო, რომ ევროპარლამენტმა პირველი რეზოლუცია მიიღო, მეორე ავტომატურად ჩავარდა.

რეზოლუცია ექვსმა ევროპარლამენტარმა წარადგინა - ოთხმა გერმანელმა და ორმა ბულგარელმა. ექვსივე ულტრამემარჯვენე „სუვერენული ერების ევროპის ჯგუფს“ წარმოადგენს.

ვინ არიან ისინი?

რუსეთს მტრად არ მივიჩნევთ

რეზოლუციის ავტორები არიან გერმანელი პოლიტიკოსები - ჰანს ნოიჰოფი, ალექსანდერ ზელი, პეტრ ბისტრონი და ტომაშ ფროელიხი პარტიიდან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ და ბულგარელები - პეტარ ვოლგინი და სტანისლავ სტოიანოვი პარტიიდან „აღორძინება“.

ევროპულ დონეზე ისინი ერთ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

„სუვერენული ერების ევროპის ჯგუფი“ 2024 წლის ივლისში, ევროპარლამენტის უკანასკნელი არჩევნების შემდეგ შეიქმნა და ის რვა ულტრამემარჯვენე პარტიას აერთიანებს.

ჯგუფთან, რომელშიც 720-დან 26 ევროპარლამენტარი შედის, ევროპარლამენტის ძირითადი პარტიები არ თანამშრომლობენ რადიკალური პოზიციების გამო. ამ პრაქტიკას ევროპაში „სანიტარულ დერეფანს” უწოდებენ - როცა ცენტრისტული პარტიები უარს ამბობენ იმათთან კოოპერაციაზე, ვისაც ექსტრემისტულად მიიჩნევენ.

ჰანს ნოიჰოფი - გერმანელი მუსიკისმცოდნე, რომელიც 2024 წელს შევიდა ევროპარლამენტში პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სიით, რვა იანვარს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, Times Radio-ს ეუბნება, რომ მის პარტიაში რუსეთს „დასავლეთის და ცენტრალური ევროპის მტრად არ მიიჩნევენ“.

„რა თქმა უნდა, რუსეთი დემოკრატია არაა და რუსეთში პოლიტიკური სისტემა ისეთი არაა, ჩვენ როგორიც გვინდა, მაგრამ რუსეთთან ათწლეულების განმავლობაში გვქონდა კარგი ეკონომიკური ურთიერთობები“, - თქვა ნოიჰოფმა, რომელიც ხშირად აქტიურობს საქართველოს შესახებ გამართულ დისკუსიებში.

იმის მაგალითი, თუ რას ფიქრობს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, რეზოლუციაა, რომელიც ჰანს ნოიჰოფის თანაპარტიელებმა გასული წლის ოქტომბერში ბუნდესტაგში წარადგინეს.

ამ ტექსტში გერმანელი პოლიტიკოსები მოითხოვდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დამოუკიდებლობისკენ გზის გაკვალვას, საქართველოს ევროინტეგრაციის და, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

გასული წლის გაზაფხულზე სკანდალში გაეხვია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის ერთ-ერთი თანაავტორი, პეტრ ბისტრონი.

ჩეხეთში დაბადებული ბისტრონის შესახებ თავდაპირველად ეჭვები სწორედ ჩეხ სამართალდამცველებს გაუჩნდათ - გასული წლის მარტში ჩეხური გაზეთი Denik N-ი სპეცსამსახურების წრეებში წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ პოლიტიკოსმა პრორუსული ორგანიზაციებისგან, სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული ათასი ევრო მიიღო.

მას უკავშირებდნენ ინტერნეტპორტალ Voice of Europe-ს, რომელსაც, ჩეხური სპეცსამსახურების ცნობით, პირდაპირ აფინანსებდა პუტინის მეგობარი უკრაინელი ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი.

მაისში ბისტრონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მიუნხენის გენერალურმა პროკურატურამ, ქრთამის აღებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ბუნდესტაგმა მას საპარლამენტო იმუნიტეტი ჩამოართვა, პოლიციამ კი მისი ოფისი და ბინები გაჩხრიკა და დოკუმენტები ამოიღო. უცნობია, გამოძიება ამჟამად რა ეტაპზეა. ბისტრონი 2024 წლიდან ევროპარლამენტარია.

„ვაშენოთ პარტნიორობა რუსეთთან”

„ძვირფასო კოლეგებო, მხოლოდ ისტორიის უცოდინარი ადამიანი თუ იტყვის, რომ ყირიმი უკრაინას ეკუთვნის. ყირიმი მუდამ რუსეთს ეკუთვნოდა“, - 19 დეკემბერს ასე დაიწყო ევროპარლამენტში თავისი ერთ-ერთი გამოსვლა ბულგარელმა პეტარ ვოლგინმა ულტრამემარჯვენე პარტია „აღორძინებიდან“.

პეტარ ვოლგინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის თანაავტორია.

ბულგარეთში ის თავისი პრორუსული შეხედულებებით პოლიტიკაში წასვლამდეც ცნობილი იყო, სანამ ჟურნალისტად მუშაობდა.

2019 წელს ბულგარეთში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს პოლიტიკოსი ნიკოლაი მალინოვი, რომელსაც ამის შემდეგ ვოლგინი ბულგარეთის ტელევიზიაში მაინც იცავდა.

2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ, ბულგარეთის ეროვნული რადიოს პროგრამების საბჭომ დაადგინა, რომ ვოლგინი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ მათთან მუშაობდა, ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა მარიუპოლში უკრაინელების მიერ ბულგარული გემისა და მისი ეკიპაჟის შეპყრობის შესახებ. ასეთი რამ არ მომხდარა.

"აღორძინების" მარში "მშვიდობისა და ნეიტრალიტეტისთვის", სოფია, 2023 წელი
"აღორძინების" მარში "მშვიდობისა და ნეიტრალიტეტისთვის", სოფია, 2023 წელი

ბულგარეთში არ გაჰკვირვებიათ, როცა პოლიტიკაში წასვლის შემდეგ პეტარ ვოლგინი სწორედ „აღორძინებას“ შეუერთდა - პარტიას დაუფარავი პრორუსული შეხედულებებით, რომლის აქციებზეც რუსეთის დროშა ჩნდება ხოლმე და რომლის წევრებიც „ედინაია როსიას“ მიწვევით მოსკოვში ჩადიან.

რეზოლუციის თანაავტორი ვოლგინის თანაპარტიელი, სტანისლავ სტოიანოვიც იყო. ის ევროპარლამენტის რუსეთთან თანამშრომლობის კომიტეტის წევრია და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების აღდგენას ემხრობა.

„ჩემს ბულგარელ კოლეგა სტანისლავ სტოიანოვთან ერთად [...] მოვითხოვთ რუს მაღალჩინოსნებთან სერიოზული კონტაქტის აღდგენას. თუ კომიტეტი არ დაგვთანხმდება, ამას ჩვენით ვიზამთ, ჩვენი პოლიტიკური მანდატის ფარგლებში, რადგან ესაა ჩვენი საქმე - ვაშენოთ პარტნიორობა და ვიპოვოთ გამოსავალი“, - უთხრა სექტემბერში რუსულ „იზვესტიას“ სლოვაკმა ევროპარლამენტარმა, მილან უჰრიკმა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის ავტორების მსგავსად, მილან უჰრიკიც „სუვერენული ერების ევროპის ჯგუფის“ წევრია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG