კენჭისყრის შედეგს შეუძლია ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს ომის მსვლელობაზე უკრაინაში, რადგან კიევისთვის დახმარების გაგრძელების საკითხში სხვადასხვა პოზიციაზე არიან გერმანიის პოლიტიკური პარტიები, რომელთა შორის გამარჯვებულების უმრავლესობამ შემდგომ კანცლერიც უნდა აირჩიოს.
დარია კოლესნიკოვა, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ერთი გერმანელი კანონმდებლისთვის მუშაობს, ამბობს, რომ სარჩევნო კამპანიისთვის თვალყურის დევნება მისთვის ძალიან მტკივნეული იყო.
დარია კოლესნიკოვა - უკრაინელი ქალი, თავდაჯერებით დააბიჯებს გერმანიის ხელისუფლების დერეფნებში.
32 წლის ქალი ერთ-ერთი კანონმდებლის უფროსი მრჩეველია პოლიტიკის საკითხებში. დარიას უნიკალური საშუალება აქვს, გერმანიის პოლიტიკას თვალყური ადევნოს, განსაკუთრებით ახლა, როცა 23 თებერვალს გერმანიაში ფედერალური არჩევნები იმართება.
„მათი ხმა გადაწყვეტს, როგორ იცხოვრებს მილიონობით უკრაინელი მომავალ წლებში“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას მზით გაჩახჩახებულ სხდომათა დარბაზში - მინის კედლებით, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ბერლინში რაიხსტაგზე - გერმანული პარლამენტის ისტორიულ შენობაზე.
„ვშიშობ, ამ არჩევნების მერე უკრაინა ვეღარ მიიღებს საკმარის დახმარებას“.
უკრაინა არ არის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა, ყურადღება უფრო მიგრაციის და ეკონომიკურ პრობლემებს ექცევა. მაგრამ გერმანიის პარტიებს სხვადასხვა პოზიცია უჭირავთ უკრაინის ომის მიმართ და კენჭისყრის შედეგებმა პოლიტიკის ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს.
ბუნდესტაგის ახლანდელი არჩევნები ვადამდელია, რადგან მმართველი კოალიცია, რომელსაც სოციალ-დემოკრატები მეთაურობდნენ, დაიშალა შარშან ნოემბერში ხარჯების განაწილების გარშემო უთანხმოების გამო.
22 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევი უკმაყოფილო იყო ბერლინის ერთი შეხედვით ნაკლები აქტიურობით სამხედრო სფეროში დახმარების მხრივ. ცნობილია, რომ აშშ-ის მერე უკრაინას ყველაზე დიდი დახმარება გერმანიამ გაუწია ყველა მხრივ. ამაზე კოლესნიკოვაც ლაპარაკობს და აღიარებს, რომ გერმანიამ მართალია თავიდან ნელა იმოქმედა, მაგრამ ევროპაში მასავით არავინ დასდგომია უკრაინას გვერდში.
დარია კოლესნიკოვა რადიო თავისუფლებას უამბობს, როგორ ცდილობს ხალხს უკრაინაზე ელაპარაკოს, რათა „არ დაავიწყდეთ, რომ ხალხი ჯერ კიდევ იხოცება და ჯერ კიდევ გრძელდება ომი“.
„უკრაინის მიმართ ყურადღება დროდადრო სუსტდება და გრძნობ, რომ შეგიძლია რაღაც გააკეთო“.
სხვათა შორის, მან მოაწყო მოგზაურობა უკრაინაში თავისი უფროსისთვის, ბუნდესტაგის დეპუტატის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრის ჰერბერტ ვოლმანისთვის. ამ მოგზაურობიდან სხვა ადამიანი დავბრუნდიო, გვიამბობს ვოლმანი.
„ეს ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოგზაურობა იყო“, - ჰყვება ის, როდესაც იხსენებს კიევის სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრობას.
„პროფესიით ექიმი-რეანიმატოლოგი ვარ და ასეთ რამეებს მივეჩვიე“, - ამბობს ვოლმანი, მაგრამ „როცა იქ 12 თუ 14 ახალგაზრდა კაცი ვიხილე, სიცოცხლისთვის ბრძოლაში, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი, დიალიზზე, ამპუტირებული კიდურებით, მძიმე ნაჭრილობევით მუცლის არეში, მივხვდი, რომ მათი ნახევარი ვერ გადარჩებოდა. ამან ძლიერი კვალი დამაჩნია“.
არ არის გარკვეული, შეინარჩუნებს თუ არა თავის ადგილს ბუნდესტაგში ვოლმანი. ის შტენდალს წარმოადგენს, აღმოსავლეთ გერმანიის პატარა ქალაქს, სადაც მას უპირისპირდება მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD)“.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, AfD-ს ქვეყანაში 20 პროცენტი უჭერს მხარს. ეს მაჩვენებელი ორჯერ არის გაზრდილი წინა არჩევნების შემდეგ. მაგრამ აღმოსავლეთში, ყოფილ კომუნისტურ რეგიონებში, ის ბევრად მაღალია.
პარტია წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავს მიგრანტებთან ბრძოლის დაპირებით, ასევე, რომ შეწყვეტს უკრაინისადმი ყოველგვარ მხარდაჭერას, იმეორებს კრემლის სიტყვებს და უკრაინაში კონფლიქტს თვლის გერმანიაში მაღალ ინფლაციაში დამნაშავედ.
„არ გვსურს იარაღის მიწოდება. არ გვინდა ტანკების გაგზავნა. არ გვსურს, რომ რაკეტები გამოგვიგზავნონ“, - განაცხადა AfD-ს ლიდერმა, ალისა ვაიდელმა დეკემბერში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
თუ გამოკითხვები სწორი აღმოჩნდა, AfD არჩევნების მერე სიძლიერით მეორე პარტია იქნება.
უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა იქამდე მივიდეს, რომ [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ] პუტინმა გაიგოს, რომ მისი მომავალი ალბათ წარუმატებელი იქნება...იურგენ ჰარდტი
გამარჯვებულები, როგორც ჩანს, იქნებიან ქრისტიან-დემოკრატები (CDU/CSU), რომლებიც უკრაინას მეტ დახმარებას ჰპირდებიან. ეს შეიძლება მოიცავდეს Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, რაზეც სოციალ-დემოკრატიულმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა არაერთხელ თქვა უარი.
„უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა იქამდე მივიდეს, რომ [რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ] პუტინმა გაიგოს, რომ მისი მომავალი ალბათ წარუმატებელი იქნება“, განუცხადა რადიო თავისუფლებას ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა (CDU) იურგენ ჰარდტმა, რომელიც ფიქრობს, რომ „იარაღის ზოგიერთი სახეობა არ უნდა გამოირიცხოს“.
თუმცა, ეს მთავრობის პოლიტიკაში შეიძლება არ აისახოს. მისი პარტიის შესაძლო პარტნიორი მთავრობაში სოციალ-დემოკრატიული პარტია იქნება. პარტიებს შორის უთანხმოებაა ასევე უკრაინაში ჯარის გაგზავნაზე. ჰარდტი თვლის, რომ გერმანიამ ამ საკითხს უნდა შეხედოს გაეროს მისიის ჩარჩოებში. შოლცი კი აცხადებდა, რომ ამ საკითხის განხილვა „ნაადრევია“.
თუმცა, ისინი დიდი ალბათობით დათანხმდებიან უკრაინის მხარდაჭერას გარკვეულ დონეზე. არჩევნების წინ, ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო დებატში შოლცი და ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური პარტიების კავშირის (CDU/CSU) ლიდერი ფრიდრიხ მერცი ამ საკითხზე ძირითადად ერთსულოვანი იყვნენ.
AfD-ის ლიდერმა, ვაიდელმა, პირიქით, განაცხადა, რომ გერმანია უნდა დარჩეს ნეიტრალური და განავითაროს ურთიერთობა რუსეთთან.
კოლესნიკოვა ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიისთვის თვალყურის დევნება მტკივნეული იყო.
„მტკივნეულია, რადგან ეს ეხება ჩემს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს და ამ ყველაფრის მიზანი კი ხმების მოპოვებაა“, - ამბობს ის.
მისი დედა, ოქსანა, ომის დროს დარჩა ხარკოვში, უძღვებოდა იატაკქვეშა სკოლას მეტროსადგურში და ჰუმანიტარულ დახმარება მიჰქონდა ფრონტის ხაზთან.
ჩვენი ინტერვიუდან რამდენიმე საათში ისინი ბერლინის ბრანდენბურგის აეროპორტში შეხვდნენ ერთმანეთს.
„მეტირება", - თქვა ოქსანამ, - "2022 წლის შემდეგ არ მინახავს“.
ფორუმი