წარსულში ჩიმაევს პრობლემები ექმნებოდა აშშ-ის საზღვრის გადაკვეთისას, რაც, მიმომხილველების ვარაუდით, უკავშირდებოდა რამზან კადიროვის მხარდაჭერას, რის გამოც სპორტსმენთან ასევე ჰქონდათ კითხვები ევროპაში. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქცია Kavkaz.Realii შეეცადა გაერკვია, როგორ და რატომ დაფუძნდა დასავლეთში ჩეჩნეთის მეთაურის ერთგული სპორტსმენი, რომელიც ასევე არ მალავს რუსეთისადმი სიყვარულს.
ლტოლვილობიდან რუსეთის მოყვარულამდე
ხამზატ ჩიმაევმა 2025 წლის 9 თებერვალს განაცხადა, რომ მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა. როგორც სპორტსმენმა Sport24-ს უთხრა, ქალაქი აბუ-დაბი მსოფლიო სპორტის მნიშვნელოვანი ნაწილია და ის სიხარულით დაეხმარება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩასულ „ახალგაზრდებს რუსეთიდან“. ახალ მოქალაქეობაზე საუბრისას მებრძოლმა ცალკე აღნიშნა, რომ არასოდეს ჰქონია შვედური პასპორტი, ანუ იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომლის დროშითაც ის UFC-ში ასპარეზობდა.
ხამზატ ჩიმაევი შვედეთში თექვსმეტი წლის ასაკში ჩავიდა. სავარაუდოდ, მას ჰქონდა ლტოლვილის სტატუსით აღებული ბინადრობის ნებართვა, - განუცხადეს რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის რედაქციას შვედეთის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა.
ეს სტატუსი სპორტსმენს საშუალებას აძლევს თავისუფლად იმოგზაუროს მთელ მსოფლიოში, გარდა იმ ქვეყნისა, რომელიც განმცხადებელმა უსაფრთხოების გამო დატოვა. ამ შემთხვევაში საუბარია რუსეთში ვიზიტის აკრძალვაზე.
„შვედეთის სრულფასოვანი მოქალაქეობის არარსებობითა და რუსეთში ჩასვლით თქვენ არღვევთ ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ მთავარ პრინციპს - იმ ქვეყნის მონახულების აკრძალვას, რომელიც თავშესაფრის მოსაძებნად დატოვეთ. ამგვარი შეზღუდვა სავსებით ლოგიკურია. რატომ უნდა ჩახვიდეთ ქვეყანაში, რომლიდანაც გაიქეცით?“ - უთხრა რედაქციას შვედეთში მცხოვრებმა რესპონდენტმა, რომლის თქმითაც, არის კიდევ ერთი პრობლემა - დროებითი დაცვა გულისხმობს შენგენის ზონის მიღმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას მხოლოდ ვიზაზე განაცხადით, რაც ართულებს იმ ქვეყნების საზღვრების გადაკვეთას, რომლებთანაც შვედეთს უვიზო რეჟიმი აქვს - მაგალითად, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ჩიმაევის რამდენიმე ნაცნობის თქმით, ის ფაქტი, რომ მან შვედეთში ცხოვრების 11 წლის განმავლობაში არ მიიღო მოქალაქეობა, შეიძლება აიხსნას რამზან კადიროვთან ახლო ურთიერთობითა და ჩეჩნეთში ვიზიტით. თავად ჩიმაევმა ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ არ სურს, რუსეთის მოქალაქეობა, რომლითაც მან „ნახევარი მსოფლიო მოიარა“, გაცვალოს შვედეთის ან საამიროების მოქალაქეობაზე და სიყვარულში გამოუტყდა რუსეთს. სამი თვის შემდეგ კი სპორტსმენმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობა მიიღო და საკუთარ თავს „მსოფლიოს ადამიანი“ უწოდა.
კადიროვის აჩრდილი
როგორც სპეციალისტები ამბობენ, საამიროების მოქალაქეობის მიღება არ არის იოლი საქმე. თუმცა, 2021 წლიდან, ქვეყნის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების წყალობით, შესაძლებელი გახდა მოქალაქეობის მიღება მედიცინის, IT-ის, მეცნიერების, სპორტისა და ხელოვნების ნიჭიერი წარმომადგენლებისთვის. იმ ადამიანთა შორის, ვინც უკვე მიიღო პასპორტი განსაკუთრებული დამსახურებებისათვის, არიან Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი და მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი მიჩელ სალგადო. შესაძლოა სწორედ ამ კატეგორიით მიენიჭა მოქალაქეობა ჩიმაევსაც.
რუსული პასპორტი სპორტსმენს აშშ-ში რინგზე აქტიურად ასპარეზობის საშუალებას არ მისცემდა. 2022 წლის იანვარში ჩიმაევი არ შეუშვეს შტატებში და გაუუქმეს მოქმედი ვიზა. ორი წლის შემდეგ, მისი წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ სპორტსმენს აშშ-ში შესვლის პრობლემები არ ჰქონია. თუმცა, არაბული ქვეყნის პასპორტის მიღების კომენტირებისას, თავად ჩიმაევმა განაცხადა, რომ ახლა მას აღარ ექნება პრობლემები შეერთებულ შტატებში სტუმრობისას, რითაც დაადასტურა, რომ წარსულში ნამდვილად ჰქონდა პრობლემები.
მკვლელთან მეგობრობა და სეირნობა G-Wagen-ით
აშშ-ის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მისი ახლო მეგობრობა ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან, რამზან კადიროვთან. ამის შესახებ წერდა ჟურნალისტი, ქარიმ ზიდანი.
ჩიმაევმა პოპულარობა მოიპოვა 2020 წლის ივლისში, როდესაც კატარში ათი დღის განმავლობაში ზედიზედ ორ ბრძოლაში გაიმარჯვა და საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. დაახლოებით ამავე პერიოდში - 2020 წელს - დაიწყო მისი მეგობრობა რამზან კადიროვთან. კატარის გამარჯვებების შემდეგ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა ჩიმაევი საუკეთესო მებრძოლებს შორის დაასახელა და „მსოფლიო ასპარეზზე მას დიდი წარმატება“ უწინასწარმეტყველა. აქედან მოყოლებული ჩიმაევი რეგულარულად სტუმრობს ჩეჩნეთს, სადაც ვარჯიშობს ხოლმე რამზან კადიროვსა და მის ვაჟებთან ერთად. კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში ჩიმაევმა ავარჯიშა რამზან კადიროვის შვილი, ელი კადიროვი, რომელიც მაშინ 16 წლის იყო.
ჩიმაევი გააკრიტიკეს შვედმა უფლებადამცველებმა ჩეჩნეთში ჩასვლისა და 2021 წლის დასაწყისში რესპუბლიკის ლიდერთან გადაღებული ფოტოს გამო. „ეს დიქტატურაა, ხალხი საშინელ დღეშია“, - დაწერა Amnesty International-ის წარმომადგენელმა ამი ჰედენბორგმა.
რამზან კადიროვთან მეგობრობის გამო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეწყვეტილა, მებრძოლი არაერთხელ დაექვემდებარა მკაცრ კრიტიკას სპორტსმენების მხრიდანაც. „თუ ჩიმაევი მხარს უჭერს კადიროვის მსგავს ადამიანებს, მაშინ მასაც სისხლში აქვს ხელები გასვრილი“, - განუცხადა UFC-ის მებრძოლმა იან ბლახოვიჩმა გაზეთ Przeglad Sportowy-ს.
თებერვლის დასაწყისში, ჩიმაევის ერთ-ერთმა პოტენციურმა მეტოქემ, UFC-ის ახალგაზრდა მებრძოლმა შონ სტრიკლენდმა, მკაცრად გააკრიტიკა ჩეჩენი სპორტსმენი და მას „ყოველგვარ ღირსებას მოკლებული“ უწოდა.
„დედამიწაზე ჩიმაევზე უფრო საძაგელი ადამიანი არ არსებობს. შენ ხარ მკვლელის საუკეთესო მეგობარი და მასთან ერთად დადიხარ G-Wagen-ით. შენ არ ხარ კაცი და არ უნდა იმყოფებოდე ამ ქვეყანაში [შეერთებულ შტატებში]“, - მიმართა სტრიკლენდმა ჩიმაევს.
"დუმილს ამჯობინებდა"
შვედეთში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებსაც რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის რედაქცია ესაუბრა, ამბობენ, რომ მათთვის მოულოდნელი იყო სპორტსმენის გადასვლა კადიროვის მომხრეთა ბანაკში, რადგან ჩიმაევი არ ყოფილა ჩართული პოლიტიკაში და დუმილს ამჯობინებდა.
„ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოიდგენდა მის ქცევაში ასეთ რადიკალურ ცვლილებას. მისი ქმედებები ჩეჩნეთში, მისი ურთიერთობა კადიროვსა და მის შვილებთან სირცხვილის გრძნობას იწვევს ჩვენში, რომ ვიცნობდით მას და ის ჩვენი საზოგადოების ნაწილად მიგვაჩნდა“, - აღნიშნა ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
ევროპაში დაფუძნებული ჩეჩნური პოლიტიკური ორგანიზაციის „ერთიანი ძალის“ ხელმძღვანელი, ჯამბულატ სულეიმანოვი მიიჩნევს, რომ ჩიმაევის ქმედებებში ორიგინალური არაფერია.
„ბევრ არაბულ ქვეყანას აქვს კარგი ურთიერთობა რუსეთთან. ისინი რუსეთს და პუტინს აშშ-ის კონკურენტად ხედავენ. ბევრმა რუსმა ბიზნესმენმა ევროპა ემირატებით ჩაანაცვლა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩიმაევის განცხადება [არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეობის მიღების შესახებ] გასაკვირი არ არის“, - ამბობს სულეიმანოვი.
„კადიროვი ცდილობს მასთან დაახლოებული სპორტსმენების მეშვეობით მოიპოვოს საზოგადოების კეთილგანწყობა, - აღნიშნავს ჩეჩნეთის პედინსტიტუტის პოლიტოლოგი, რომელიც ანონიმურობის პირობით დათანხმდა საუბარს, - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ამ შემთხვევაში დიდად აინტერესებდეს ჩიმაევის მოქალაქეობა ან ის დროშა, რომლითაც სპორტსმენი ასპარეზობს“.
„მათ სამყაროში ეს ნორმაა. საკუთრივ ასე ცხოვრობს ყველა თანამდებობის პირი, რომლებიც პრესტიჟისთვის მეგობრობენ ცნობილ სპორტსმენებთან. უბრალო, მგრძნობიარე და დაუცველ ადამიანებში აღვივებენ პატრიოტიზმს და აიძულებენ მათ ომში წასვლას მაშინ, როცა საგულდაგულოდ იცავენ საკუთარ თავსა და ოჯახებს, იძენენ ბიზნესებსა და უძრავ ქონებას სხვა ქვეყნებში“, - ასკვნის პოლიტოლოგი.
- 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის მეთაური, რამზან კადიროვი მაგნიტსკის სანქციების სიაში დაამატა. უწყება კადიროვს აკისრებს პასუხისმგებლობას მკვლელობებზე, წამებასა და საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებზე. 2020 წელს კადიროვის დაფუძნებული Absolute Championship Akhmat ასევე მოხვდა აშშ-ის სანქციების სიაში გლობალური მაგნიტსკის აქტით, რომელსაც ვაშინგტონი იყენებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ეჭვმიტანილი პირების დევნისთვის.
- 2022 წლის ივლისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა წამების, სასამართლოს გარეშე მკვლელობებისა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებისთვის. სანქციები ასევე დაწესდა ჩეჩნეთის მეთაურის, მეუღლის, ედნი კადიროვასა და მისი ქალიშვილების წინააღმდეგ.
- აბუ-დაბიში გამარჯვების შემდეგ, ხამზატ ჩიმაევმა კადიროვისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ „მზად იყო პალესტინაში გამგზავრებისა და მოწინავეთა რიგებში ჩადგომისათვის“, რათა „თავი გაეწირა მუსლიმი ძმებისათვის“. ჰამასის ტერორისტული აქტების პასუხად ისრაელის დარტყმებმა ღაზის სექტორში მდებარე ობიექტებზე, მწვავე რეაქცია გამოიწვია ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმურ რეგიონებში.
- ისრაელის მკვიდრმა და MMA-ს მებრძოლმა ჰაიმ გოზალიმ არაერთი მუქარა მიიღო ჩეჩენი სპორტსმენის, ხამზატ ჩიმაევისგან, UFC ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და „მასთან დაკავშირებული 40 სხვა დაღესტნელისგან“, მათ შორის ხასბულა მაგომედოვისგან (იმავე ბლოგერ ხასბიკისგან). ამის შესახებ თავად გოზალიმ დაწერა საკუთარ ინსტაგრამზე მას შემდეგ, რაც მასზე, მის შვილსა და მწვრთნელზე თავდასხმა მოხდა უკრაინაში მიმდინარე ერთ-ერთი შეჯიბრების დროს.
- 2024 წლის ივნისში ხამზატ ჩიმაევი ახალი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა: უცნობმა პირებმა დაახლოებით 1 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს მის ფან-კრიპტოვალუტა Smash-ზე. სპორტსმენი თვითონ მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიაში, თუმცა მონეტის ფასის დაცემის შემდეგ განაცხადა, რომ ის არაფერ შუაშია.
ფორუმი