Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტი, ძალადობა, უფლებები - რა უნდა იცოდეთ 


აქცია ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად
აქცია ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად

28 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პოლიციამ თბილისსა და სხვა ქალაქებში გამართული პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით.

10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. რა უფლებები გაქვთ, როდესაც საპროტესტო აქციაში მონაწილეობთ, გაკავებენ ან გამოკითხვაზე გიბარებენ? რადიო თავისუფლება ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ნესტან ლონდარიძეს ესაუბრა.

რის უფლება აქვს აქციის მონაწილეს?

ყველაზე მარტივად შეიძლება ასე ითქვას: საპროტესტო აქციის მონაწილე იყენებს სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას.

რა არის სახელმწიფოს ვალდებულება?

სახელმწიფო, სამართალდამცავი უწყებების მეშვეობით, ვალდებულია, დაიცვას აქციის მონაწილეები და მათ გამოხატვის საშუალება მისცეს.

როდის ეძლევათ სამართალდამცავებს უფლება, აქცია დაშალონ?

თუ აქცია ძალადობრივი ხდება.

თუ აქცია მშვიდობიანია და მხოლოდ ერთი ადამიანი ან ადამიანთა ერთი ჯგუფი გამოხატავს აგრესიას, ამის გამო მთელ აქციას არ შლიან. ეს კონკრეტული ადამიანები და ჯგუფი უნდა განარიდონ აქციას.

საპროტესტო აქცია მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიშალოს, თუკი ძალადობის აღსაკვეთად სხვა საშუალება აღარ არსებობს.

ამის საპირისპიროდ, დღეს ქართული სასამართლო ამბობს, რომ როგორც კი შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს, აქციის მონაწილეებმა შეკრების ადგილი უნდა დატოვონ და თუ ამ მოწოდების შემდეგ ვინმე ისევ რჩება ადგილზე, ეს უკვე დანაშაულია.

რას ნიშნავს „აქცია ძალადობრივი გახდა“?

როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ხელმძღვანელებს აქვთ ძალადობრივი მოწოდებები და აქციის მონაწილეთა უმეტესობა იწყებს ძალადობას. თუ აქციის მონაწილეთა მხოლოდ მცირე ნაწილია მოძალადე, მთლიანად აქცია ძალადობრივად არ მიიჩნევა.

ბრალდება - პოლიციელის შეურაცხყოფა. რას ნიშნავს პოლიციის შეურაცხყოფა?

გამოხატვის თავისუფლება გარკვეულწილად ლანძღვა-გინებასაც მოიცავს, მაგრამ დღეს სასამართლო შეურაცხყოფად მიიჩნევს ისეთ სიტყვებსაც კი, როგორიცაა: „მონა“, „რუსი“, „მოღალატე“.

რის უფლება აქვს ადამიანს, რომელსაც აქციაზე აკავებენ?

მოითხოვოს ახსნა-განმარტება: ვინ აკავებს, რის გამო, რა მუხლით, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ადვოკატი.

ვის შეუძლია დაკავება?

აკავებს პოლიციელი, მაგრამ დღეს პოლიციელები სასამართლოში აცხადებენ, რომ მათ „ძალადობრივ აქციაში“ ადამიანის დასაკავებელი ეკიპირება არა აქვთ, ამიტომ მათი დავალებით სპეცრაზმელები აკავებენ.

თუნდაც, როცა აკავებს სპეცრაზმელი, იდენტიფიცირებული უნდა იყოს, ვინ დააკავა და რა ვითარებაში.

როგორ აკავებს?

სამართალდამცავი ეუბნება ადამიანს, რომ ის დაკავებულია, განუმარტავს დაკავების მიზეზს, განუმარტავს უფლებებს. ძალით გადაყვანა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ დაკავებული ნებით არ მიჰყვება.

როდის ადებენ ბორკილს?

ბორკილს ადებენ, თუ ამის საჭიროებაა. ბორკილი მტკივნეული არ უნდა იყოს, თუ მტკივნეულია, დაკავებულს შეუძლია მოითხოვოს, ბორკილი მოუშვან.

როდესაც ადამიანს არ ჰყავს ადვოკატი?

უნდა მოითხოვოს და სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს. თუმცა, დაკავებულს აქვს უფლება, უარი თქვას ადვოკატზე.

როდის იყენებენ დუმილის უფლებას?

დუმილის უფლებას სისხლის სამართლის საქმეებზე იყენებენ. ადმინისტრაციული საქმის წარმოებისას დაკავებულს შეუძლია თავი შეიკავოს განმარტებისგან, რაც თითქმის იგივეა.

დაკავებისას სამართალდამცავები ადგენენ ოქმს, რომელსაც დაკავებული ხელს აწერს ან არ აწერს.

„დღეს, როდესაც ხალხს კანონდარღვევით აკავებენ, უმჯობესია დაკავებულმა ადვოკატის გარეშე ოქმს ხელი არ მოაწეროს“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

თუკი ხელი მაინც მოაწერა?

ხელის მოწერამდე დაკავებულმა ოქმი კარგად უნდა წაიკითხოს. თუ რამეს არ ეთანხმება, შეუძლია შენიშვნის სახით დაურთოს.

თუ დაკავებული აიძულეს, ხელი მოეწერა?

პირველივე შემთხვევაში უნდა განაცხადოს ამის შესახებ, მაგალითად, დროებითი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას ან პროცესზე.

რის უფლება აქვს დაკავებულს დროებითი დაკავების იზოლატორში?

იზოლატორში ადამიანი იმყოფება 24 ან მაქსიმუმ 48 საათის განმავლობაში. ამის შემდეგ დაკავებული ან პროცესზე უნდა გადაიყვანონ, ან ხელწერილით გაათავისუფლონ. იზოლატორში მყოფს შეუძლია დაურეკოს ახლობლებს, მიიღოს მათგან საჭმელი და ტანსაცმელი.

თუ პოლიცია ტელეფონზე კოდის მოხსნას ითხოვს?

დაკავებულს უფლება აქვს, არ მოხსნას კოდი.

თუ დაკავებული თავს ცუდად გრძნობს?

დაკავებულმა უნდა მოითხოვოს ექიმი და საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში გადაყვანაც.

თუ დაკავებულის უფლებები დაირღვა (ცემა, წამება, შეურაცხყოფა), როდის ითხოვს საქმის აღძვრას?

დაკავებული ადვოკატს უნდა მოუყვეს, რა პირობებში დააკავეს. ადვოკატი მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს დაკავებულთან და აღწეროს რა აქვს დაშავებული. თუ ეს არ გაკეთდა, გათავისუფლებისთანავე დააფიქსიროს დარღვევა, მოითხოვოს გამოკითხვა და ექსპერტიზა.

რა წესები ახლავს შემოწმებას, მაგალითად, როდესაც მეტროს ამოსასვლელებში ახალგაზრდებს ამოწმებენ?

აუცილებლად უნდა აუხსნან, რატომ ამოწმებენ. პოლიციამ უნდა ანახოს მოწმობა, განუმარტოს უფლებები, შემოწმების შემდეგ შეადგინოს ოქმი.

ზედაპირული დათვალიერება ტარდება დეტექტორით ან ზედაპირული შემოწმებით, ამ დროს პოლიციას ჩანთის გახსნის უფლება არ აქვს. ქალს ამოწმებს ქალი, კაცს - კაცი.

როცა პოლიცია სახლში გაკითხავს?

ხშირად მოდიან, როცა ვინმეს მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე წაყვანა უნდათ. ადამიანს შეუძლია პოლიციის სამმართველოში გადაყვანაზე უარი თქვას (თან ისე, რომ პოლიციას კარიც არ გაუღოს). შეუძლია მოითხოვოს გამოკითხვა მაგისტრ მოსამართლესთან.

რა უპირატესობა აქვს მაგისტრ მოსამართლეს?

ადამიანი მიდის სასამართლოში და არა პოლიციაში, სადაც მასზე შეიძლება იძალადონ. სასამართლოში პროცესი უფრო საჯაროა.

რის უფლება აქვს ადამიანს მაგისტრ მოსამართლესთან?

ადვოკატის უფლება, დუმილის უფლება, უფლება - არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავისა და ახლობლების წინააღმდეგ.

თუ სახლის, ოფისის გასაჩხრეკად მოვიდნენ?

უნდა წარმოადგინონ თავი და ასევე ჩხრეკის ორდერი. არ უნდა მისცეთ საშუალება, ჩხრეკა ადვოკატებისა და მოწმეების მოსვლამდე დაიწყონ.

„ლაივის“ ჩართვის უფლება გაქვს?

კი, თუ სახლის გასაჩხრეკად შემოვიდნენ, ადამიანს შეუძლია „ლაივი“ ჩართოს და დააფიქსიროს რა ხდება.

ასევე ნახეთ:

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

გაუპატიურების მუქარა აქციაზე ყოფნის გამო - 26 წლის ქალი საკუთარ გამოცდილებას ჰყვება
„შემიყვანეს ექიმის ოთახში, სადაც კამერები არ არის. მითხრეს გაიხადეო. გავიხადე. ტრუსიკი ჩაიწიეო. ჩავიწიე. მერე ჩაიკუზეო. ჩავიკუზე“.
19 წლის ნიკას დაკავების ორი ვერსია - რა ქნეს რუსთაველზე და რა თქვეს სასამართლოზე პოლიციელებმა
"ძალადობა" მათთან ერთად, ვისაც არასდროს შეხვედრიხარ - მძიმე ბრალდებები და არაადამიანური მოპყრობა რევაზ კიკნაძის საქმეში
"ნახევარი თმა დამცვივდა პოლიციელის მაგიდაზე " - თორნიკე ჭელიძე დაკავების და 7-დღიანი პატიმრობის ამბავს იხსენებს
„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG