შეტყობინება 33 წლის ფოტოგრაფმა ფეისბუკისგან 9 დეკემბერს, საღამოს მიიღო:
„შენი ანგარიში ახლა უჩინარია მომხმარებლებისთვის და შენ არ შეგიძლია მისი გამოყენება“.
სოციალური ქსელის ადმინისტრაცია გვერდის დაბლოკვის მიზეზს ეზ გაბერს ასე განუმარტავს: „თქვენი ანგარიში, ან ამ ანგარიშზე განხორციელებული საქმიანობა არ შეესაბამება ჩვენი საზოგადოების სტანდარტებს“.
ახლა ფოტოგრაფს 180 დღე აქვს იმისათვის, რომ ფეისბუკის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ანგარიში წაიშლება.
ეზ გაბერი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ფეისბუკზე ანგარიშის აღდგენის საკითხზე უკვე მუშაობს და ამაში მეგობრები ეხმარებიან.
არ გაჰკვირვებია, რომ მისი ანგარიში დაიბლოკა:
„ათობით მილიონი ნახვა ჰქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩემს გვერდზე ატვირთულ ფოტოებს და ვიდეოებს.
გარდა იმისა, რომ მყავს ბევრი გულშემატკივარი, გამომწერი, რომლებიც ელოდებიან ჩემს ფოტოებს და ვიდეოებს, არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, თითქოს ვიყენებ ფოტოშოპს რეალური სურათის შესაცვლელად. მე ეს არაფერში მჭირდება. მე ვარ ფოტოგრაფი, ვიღებ დოკუმენტურ მასალას და რაც არის რეალურად, იმას ვაჩვენებ ხალხს.
არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ის, რასაც მე ვაკეთებ, აღიზიანებთ, არ სიამოვნებთ და მქონდა მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან დაბლოკავდნენ ჩემს ანგარიშს. ცხადია, ანგარიშის დაბლოკვა ერთი და ორი ადამიანის მიერ გაგზავნილი „რეპორტით“ არ ხდება. როგორც ჩანს, ამ საქმეში ასობით ადამიანი ჩართეს“, - ამბობს ეზ გაბერი.
ფოტოგრაფი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეხმაურება ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ე.წ. ქარდს, რომელიც „იმედმა“ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა და რომელზეც წერია, რომ „მიტინგებიდან FAKE ფოტოების გავრცელებით ცნობილი ეზ გაბერის ფეისბუქ გვერდი დაიბლოკა“. „ქარდს“ თან ერთვის მამაკაცის ფოტო, რომელიც არ არის ეზ გაბერი:
„წერენ, რომ ფეიკებით ვარ ცნობილი და თავად გამოაქვეყნეს ვიღაც ადამიანის ფოტო, რომელიც მე არ ვარ. არც კი ვიცი, რა ვთქვა, ვინ მუშაობს ამ ტელეკომპანიაში? ასეთი გაუნათლებლები არიან? იქნებ უკეთ უნდა მოეძებნათ ჩემი ფოტო?“
ეზ გაბერი ამბობს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ჯერ კიდევ გასულ წელს აქტიურად იყენებდა მის ვიდეოებსა და ფოტოებს თბილისის ხედებით:
„ეს ტელეკომპანია გუშინ სიხარულით აღნიშნავდა, რომ ჩემი პირადი გვერდი დაიბლოკა. არადა, იყო დრო, როდესაც თავად მთხოვდნენ ამ ვიდეოებს და ფოტოებს, ახლაც უდევთ სოციალურ ქსელში ისინი. დღეს კი გახარებულები არიან, რომ ჩემი პირადი გვერდი დაიბლოკა. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა მათ აქვთ და არა მე. მე ხომ ისევ ის ადამიანი ვარ, რომლის ვიდეოებსაც ერთი წლის წინ აზიარებდნენ“.
ძველი ანგარიშის აღდგენამდე, შექმნის თუ არა ახალ ანგარიშს ფეისბუკზე, ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ეზ გაბერს ჯერ არ აქვს:
„მე მაქვს ინსტაგრამგვერდი, სადაც ასევე უამრავი გამომწერი მყავს და ჩემს ვიდეოებს ბევრი ნახვა აქვს. ყველა ვიდეო და ფოტო, რაც კი გადამიღია, შენახული მაქვს, ასე რომ, არაფერი დამიკარგავს.
მე ახლა უფრო ძლიერი ვარ. არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ ამ სიტუაციამ დამკარგოს, დამაბნიოს. ახლა უფრო მეტ ძალას ვგრძნობ. ვიცი, რომ მართალი ვარ და როცა მართალი ხარ, იცი, რომ სიმართლეს აუცილებლად იპოვი“, - ეუბნება ეზ გაბერი რადიო თავისუფლებას.
სოციალური ქსელის დაბლოკვამდე რამდენიმე საათით ადრე, ეზ გაბერმა რუსთაველის გამზირიდან, დრონით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პროევროპულ აქციებზე მისული ხალხის რაოდენობა იყო ასახული.
28 ნოემბრიდან მოყოლებული, პროევროპული აქციებიდან გადაღებულ თითოეულ ვიდეოს, რომელსაც ის ფეისბუკზე ყოველდღე აქვეყნებდა, თითო-თითო მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ეგვიპტელი ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი ეზ გაბერი ექვსი წელია საქართველოში ცხოვრობს.
სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა გასულ წელს, „აგენტების კანონის“ საპროტესტო აქციებზე გადაღებული ვიდეოებითა და ფოტოებით.
ფორუმი