ალეკო ელისაშვილი პოლიციამ გუშინ, 4 დეკემბერს, დააკავა „ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთი აფთიაქის წინ მოხდა.
ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ძალადობის გამოყენებით ჩადენილი დევნა), რომელიც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალურმა მედიამ გაავრცელა ქუჩის სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები, რომლებზეც ელისაშვილისა და ბაბაევის დაპირისპირებაა ასახული.
ტელეკომპანია „იმედმა“ 2 დეკემბერსავე, საღამოს საინფორმაციო გადაცემაში საავადმყოფოდან ჩართო დაზარალებული ალი ბაბაევი, რომელმაც, წამყვანების თხოვნით, ელისაშვილთან დაპირისპირება აღწერა:
„კოსტავას 22 ნომერთან, „ავერსის“ აფთიაქში შევდიოდი, როცა უკნიდან მომესმა შეძახილი: "ეს არის არაკაცი, ეს არის “ქართული ოცნება” და რუსეთის მონაო". და დაიწყო პარტიის ლიდერების გინება. შემოვტრიალდი. დავინახე ალექსანდრე ელისაშვილი. მეთქი, რას ყვირი, არ გრცხვენია, ამხელა კაცი ხარ-მეთქი. დამიწყო გინება, რა უნდა მრცხვენოდესო და გადმოვიდა თავდასხმაზე. რამდენჯერმე შემეხო. ბოლოს წავიქეცი. გონება დაკარგული მქონდა. გამოიძახეს სასწრაფო. ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში. მიკეთებენ კვლევას“.
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ელისაშვილის დასაკავებლად პოლიციამ გამოიყენა არაპროპორციული ძალა.
„მას აღენიშნება დაზიანებები სახის არეში სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით, ამასთან, იგი მიუთითებს ცემის შედეგად ზურგის არეში მიღებულ ტრავმაზე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ალეკო ელისაშვილზე პოლიციამ იძალადა აპრილი-მაისის აქციების დროსაც. „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო ერთ-ერთ აქციაზე დაკავების დროს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ - ძალადობის კვალი მას ეტყობოდა სახეზე და სხეულზეც. ამ საქმეზე ვინმეს დაკავების შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ფორუმი