პარტია „მოქალაქეების" ლიდერს, პარლამენტარ ალეკო ელისაშვილს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. ვიდეოში, რომელიც ტელეკომპანია მაესტრომ გაავრცელა, ჩანს, როგორ უახლოვდება პოლიტიკოსი რუსთაველის გამზირზე განლაგებულ სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილ სამართალდამცველებს. ამის შემდეგ, სპეცრაზმი სხვა აქციის მონაწილეების მისამართით ასხამენ წიწაკის სპრეის, ხოლო ალეკო ელისაშვილს ფიზიკურად უსწორდებიან, ამას გარდა ხდიან მაისურს და აგდებენ ძირს.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს პოლიციამ 17 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზეც სცემენს. პოლიტიკოსს ძალადობის კვალი ეტყობოდა სახესა და სხეულზე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის ცემის საქმის მოკვლევა დაიწყო.
სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, პარლამენტარ ლევან ხაბეიშვილსაც სასტიკად სცემეს. ფოტოები პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა. ხაბეიშვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი“.
რამდენიმე საათია, პოლიცია დემონსტრანტებს ძალის გამოყენებით შლის. თავდაპირველად გამოიყენეს ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალება, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, მოგვიანებით კი დაიწყეს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება.
დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე რჩებიან.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და ამჟამადაც „აქციას აქვს მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობს მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი“.
რადიო თავისუფლებას სამინისტროს პრესცენტრში უთხრეს, რომ ამ დროისთვის [1 მაისი, 01:00 საათი] არაერთ დემონსტრანტს, მართალია, დასჭირდა ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
ბოლო საათების განმავლობაში არაერთი ადამიანი დააკავეს - შსს-ს ჯერ დაკავებულთა რაოდენობა არ დაუზუსტებია.
ფორუმი