აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან სურდათ მისვლა, თუმცა პოლიციის გამოჩენაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, მსვლელობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგურ „დელისთან“ დასრულდა.
პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეთა დაშლა 03:30 საათისთვის განაახლა. დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.
მეექვსე ღამეა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.
ფორუმი