Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს აქციაზე მომუშავე პოლიციელებს ფინანსურად ახალისებს


პოლიცია დემონსტრანტებს შლის. 2 დეკემბერი
პოლიცია დემონსტრანტებს შლის. 2 დეკემბერი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის შენობასთან მომუშავე პოლიციელებს ფინანსურად ახალისებს. ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე. მას კითხვა რადიო თავისუფლებამ დაუსვა.

„რაც შეეხება ჩვენი თანამშრომლების წახალისებას, თქვენ კარგად ხედავთ, რომ ბოლო ხუთი ღამის განმავლობაში პოლიცია ფაქტიურად 24 საათის განმავლობაში მუშაობს. არიან ქუჩაში ეს ადამიანები და საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა...

ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ძალიან ბევრს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სიმშვიდისთვის და უსაფრთხოებისთვის. რაც შეეხება ზოგადად წახალისებას, სამინისტრო იყენებს ამ საშუალებებს იმისათვის, რომ იმ ადამიანების შრომა დაფასდეს, ვინც ამ შემთხვევაში ზეგანაკვეთურად და ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ. მათ სჭირდებათ შესაფასებლად“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მინისტრმა არ უპასუხა დამაზუსტებელ კითხვას, კონკრეტულად რა თანხა ან რა პროცენტული დანამატია გათვალისწინებული აქციაზე მომუშავე პოლიციელებისთვის, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში ზეგანაკვეთურ სამუშაოს ასრულებენ.

მეექვსე ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავებისას პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG