Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისხლისსამართლებრივი ბრალდებით აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, ადმინისტრაციულით - 293-მდე


პოლიციამ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების კიდევ ორი მონაწილე. შესაბამისად, ხუთამდე გაიზარდა რიცხვი იმ პირებისა, რომლებსაც ბრალად ედებათ პოლიციელებზე თავდასხმა, ან ნივთის დაზიანება.

შსს-ს მიერ დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაკავებული არიან 1972 წელს დაბადებული დ.ლ. და 1987 წელს დაბადებული თ.ზ, რომლებმაც 1 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს სამართალდამცავების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რის შედეგადაც დაზიანდა შსს-ს წყლის ჭავლის ავტომობილი.

მანამდე ცნობილი იყო, რომ პოლიციელებზე თავდასხმის და ნივთის დაზიანებისთვის დაკავებულია სამი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

რაც შეეხება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, შსს-ს მიერ 3 დეკემებრს განახლებული მონაცემების მიხედვით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაკავებულია 293 პირი.

შსს-ს თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის უკვე წარდგენილი 108 პირის საქმიდან წარმოება დასრულდა 89-ის მიმართ, მათგან 43 დაჯარიმდა, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 5-ს შენიშვნა მიეცა.

შსს-ს მიერ 2 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დაკავებულთა საერთო რიცხვი 224 იყო.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

შსს-ს სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი. ბოლო დღეებში პოლიცია აკავებს და ფიზიკურად უსწორდება არა მხოლოდ აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც სამართალდამცავებს პიროეტქნიკას, ქვებს, ჯოხებს და სხვა საგნებს ესვრიან, არამედ მშვიდობიან დემონსტრანტებსაც. ფიზიკურად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც.

ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები

რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:

„ოპერატორის თავზე რომ დახტიან, ასეთი რამ სამჯერ ვნახე იმ ღამეს“, - როგორ დააკავეს სვანიძეები
„ცხვირის და ყბის ძვლების, თვალბუდის მოტეხილობა და ტვინის შერყევა“ - დაკავებისას კიდევ ერთ დემონსტრანტზე იძალადეს
"თქვენ ხართ, ბიჭო, პატრიოტები? თქვენ ხომ ##აკში ###აური გევასებათ, ახლა ნახეთ, რას გიზამთო" - ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე
"ლოცვა დავიწყე და ორმაგად მცემა, აბა, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - როგორ მოხვდა აქციაზე წასული ირაკლი ფიფია კლინიკაში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებულები - ვინ რა თქვა სასამართლო პროცესზე
"გემუქრებიან გაშიშვლებით, გაუპატიურებით, დუბინკებით, მაშხალებით" - ნოდარ აროშინაძის გზა აქციიდან კლინიკამდე
"საათი ამგლიჯეს და საყურე მომახიეს დაჭერისას" - მთარგმნელ დათა ხარაიშვილის დაკავების ამბავი
"აქციაზე დაკავებიდან მეორე დღეს მიგრაციის სამსახურიდან დამირეკეს" - გელა შიშობს, რომ საქართველოდან გაძევებას უპირებენ
"რევოლუციონერი ბიჭი დაუკავებიათ, გვითხარი რამდენი ფეიერვერკი და რამდენი ქვა ისროლეო" - ლუკა ძიძიგურის დაკავების ისტორია
„გადარჩენილი ვარ“ - ახალგაზრდა, რომლის ცემის კადრებმა აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გაიყვანა
„რამდენმა პოლიციელმაც დამინახა, ყველამ დამარტყა“ - როგორ ასამართლებენ აქციაზე დაკავებულებს
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი

აქციის მშვიდობიან მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შესახებ შსს-ში დღეს, 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვების პასუხად, მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ მსგავს ფაქტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.

2 დეკემბერს ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ალექსანდრე დარახველიძეს, შსს-ს კიდევ 9 მაღალჩინოსანსა და პარტია „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო თავიანთ ტერიტორიებზე შესვლა აუკრძალეს.

შსს-ს მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დაშავდა სამინისტროს 143 თანამშრომელი.

დაშავებული დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების ზუსტი რიცხვი უცნობია.

ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მონაცემები მხოლოდ იმ პირებისა, რომლებიც აქციებიდან კლინიკებში გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს. ამ მონაცემების მიხედვით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე კლინიკებში გადაყვანილია საერთო ჯამში, ასამდე მომიტინგე და ათამდე ჟურნალისტი.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიება აქვს დაწყებული სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG