Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციაზე პიროტექნიკით დაშავდა პირველი არხის ოპერატორი


საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეომასალის მიხედვით, ამ პირმა ესროლა პიროტექნიკა მათ ოპერატორს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეომასალის მიხედვით, ამ პირმა ესროლა პიროტექნიკა მათ ოპერატორს.

3-4 დეკემბრის ღამეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გაშუქების დროს დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი. მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა.

„ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პიროტექნიკა დამიზნებით ესროლა“, - წერია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქციაზე თავის არეში დაშავდა ტელეკომპანია „ფორმულის“ ოპერატორი თედო ქვაჩახია.

მეექვსე ღამეა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო - „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG