Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას - სარჯველაძე აქციაზე დაშავებულ 21 წლის ბიჭზე


მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მინისტრი
მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საპროტესტო აქციაზე დაშავებულ მომიტინგეზე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო მისი საზღვარგარეთ მკურნალობის პასუხისმგებლობას აიღებს.

მისივე სიტყვებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას.

"სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას. დღეს, ქართული ჯანდაცვის სისტემა სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ არცერთ პაციენტს არავის დახმარება არ დასჭირდება. მე არ მგონია, რომ ეს პაციენტის მხარდაჭერის და დახმარების სურვილით ნაკარნახები იყოს, უფრო მეტად ცალკეულ ადამიანებს თავის გამოჩენის სურვილი აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავითარი საჭიროება, რასაც სახელმწიფო ვერ გასწვდება და ვერ შეძლებს, დღის წესრიგში არ დგას", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას 21 წლის ალექსი თირქია დაშავდა. იგი, ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. თირქიას სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა აქვს მოხვედრილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა, ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.

ბიძის ინფორმაციით, ბიჭს მხედველობა დაზიანებული არ აქვს, მაგრამ ქსოვილების აღსადგენად ოპერაცია შეშუპების გამო შეჩერდა.

3 დეკემბრის დღის ორი საათისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ და გრძელდება რეანიმაციული მკურნალობა. ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. ექიმის თანახმად, ჭრილობაში უცხო სხეული არ უნახავთ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG