Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული 21 წლის ალექსი თირქია რეანიმაციაში რჩება


საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სპეცსაშუალებებით 3 დეკემბერსაც დაშალეს.
საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სპეცსაშუალებებით 3 დეკემბერსაც დაშალეს.

3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებულ 21 წლის ალექსი თირქიას, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული აქვს მოხვედრილი. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

დაშავებულის ბიძამ, იოსებ ჩანადირმა, ინგოროყვას კლინიკასთან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალექსიმ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ ალყაში იყო და ამ საუბრის დროს მის მეგობარ გოგოს ფეხში, ხოლო თავად მას სახეში, წარბის არეში, მოხვდა ე.წ. გაზის კაფსული.

ბიძის ინფორმაციით, ბიჭს მხედველობა დაზიანებული არ აქვს, მაგრამ ქსოვილების აღსადგენად ოპერაცია შეშუპების გამო შეჩერდა.

„ალექსი არის ძალიან უწყინარი, ყველაზე საყვარელი ბავშვი, რომლის მშობლებიც არიან ეხლა ემიგრაციაში. აყვავებული ქვეყნიდან არიან წასულები ლუკმა-პურის საშოვნელად“, - განაცხადა იოსებ ჩანადირმა. მისი თქმით, ალექსის მშობლები მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან.

ინგოროყვას კლინიკის ექიმ ნინო ხარაიშვილის ინფორმაციით, პაციენტი მიიღეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობით და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. ექიმმა მედიას უთხრა, რომ თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე ამ დროისათვის შენარჩუნებულია. ექიმის თანახმად, თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევის გამო იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საოპერაციო ბლოკში და დაზიანებული ფრაგმენტები ამოკვეთეს.

3 დეკემბრის დღის ორი საათისთვის პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება მედიკამენტოზური ძილის ქვეშ და გრძელდება რეანიმაციული მკურნალობა. ჩაუტარდა განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე. ექიმის თანახმად, ჭრილობაში უცხო სხეული არ უნახავთ.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG