თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საპროტესტო აქციების მონაწილეებს და მკაცრად დაგმო სახელმწიფოს ძალადობრივი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ კატეგორიულად ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და გმობენ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიჰუმანურ და დისკრიმინაციულ კანონებს.
„კინოფესტივალის გუნდმა ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, გააუქმოს ქართული ფილმების ჩვენება და „ქართული პანორამის“ ფილმები მაყურებელს შესთავაზოს მოგვიანებით, როცა ქვეყანა დაუბრუნდება ევროპის გზას”.
ამასთან, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პარტნიორებისა და სპონსორებისადმი არსებული ვალდებულებების გამო ფესტივალის სხვა სეანსები ჩატარდება განრიგის მიხედვით.
თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი კინოთეატრ „ამირანში” 1 დეკემბერს, საღამოს შვიდ საათზე ტატო კოტეტიშვილის ფილმ „წმინდა ელექტროენერგიის“ ჩვენებით უნდა გახსნილიყო. ფილმის ჩვენება არ შედგება. ამასთან, ქართველი კინემატოგრაფისტები შეიკრიბებიან და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი თავის პოზიციას გამოხატავენ.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას (30 ნოემბრის ღამიდან 1 დეკემბრის დილამდე) 44 ადამიანი დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 1 დეკემბერს, დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აქციიდან კლინიკებში გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 დაშავებულიდან 27 აქციის მონაწილეა, 1 მედიასაშუალების წარმომადგენელი და 16 შსს-ს თანამშრომელი.
ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი კლინიკაში რჩება მედიკოსების მეთვალყურეობით.
„საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 1 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე და დაამატა, რომ ვრცელდება სიცრუე, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
„არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. ამ ფონზე, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ენჯეოების თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.
პრემიერ მინისტრი მიმართავს ევროკავშირს ელჩს, რომ თუ მოლაპარაკებები გაიხსნება, საქართველოს ხელისუფლება მზადაა დღესვე მოაწეროს ხელი.
კობახიძის განცხადებით, 2030 წელს, ევროკავშირში საქართველოს საბოლოოდ გაწევრიანება არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინაშე.
მისივე თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ქვეყანამ მიიღო ვიზალიბერალიზაცია.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს „მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა" დაუტოვოს ახალ, ტრამპის ადმინისტრაციას.
რადიო თავისუფლების შეკითხვას, მაშინ, როცა აშშ-თან ურთიერთობების გადასატვირთად იმედს ტრამპის ადმინისტრაციაზე ამყარებენ, უკვე უსაუბრიათ თუ არა მომავალი ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელთან, კობახიძემ უპასუხა, რომ „იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია” და ელოდებიან „პირდაპირს”. შეკითხვას, ვისთან იყო ეს არაპირდაპირი კომუნიკაცია, უპასუხა, რომ ეს „შიდა სამზარეულოა”.
რადიო თავისუფლებამ ირაკლი კობახიძეს ისიც ჰკითხა, იცნობენ თუ არა საქართველოს ხელისუფლებისადმი ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კრიტიკულ პოზიციას, მით უმეტეს, რომ უილსონი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომავალ თავმჯდომარედ განიხილება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია:
„როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია. რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა”.
ფორუმი