Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩი: ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ვარიანტებს შორის არის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხიც


ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან პირველი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველო 2028 წლამდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს. მან სავალალო და გულსატკენი უწოდა ამ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება როგორც ქართველი ხალხის უმრავლესობის მკვეთრად გამოხატულ სურვილს, ასევე საქართველოს ყველა ხელისუფლების აქამდე არსებულ პოლიტიკას.

"მახსოვს, ორი წლის წინ, როცა საქართველოში ჩამოვედი, ჩემმა ხელმძღვანელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის ნაწილია, ევროკავშირი საქართველოს გარეშე არ იქნებოდა სრულყოფილი. ეს იყო სიტყვები, რომლებიც წარმართავდა ჩემს მუშაობას აქ ბოლო ორი წლის განმავლობაში. მე ძალიან ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა კარი გახსნა საქართველოსთვის. ჩვენ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების წინა პოლიტიკას. რეალურად, ეს ეწინააღმდეგება ასევე ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებასაც. მაგრამ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროინტეგრაცია", - თქვა მან.

კითხვაზე, რა იქნება ევროკავშირის პასუხი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარტნიორებს მოუწოდა, გადადგან ქმედითი ნაბიჯები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, ელჩმა თქვა, რომ შემდეგი მსჯელობა საქართველოს საკითხზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხრიდან 16 დეკემბერსაა დაგეგმილი და ამის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია გაავრცელოს კონკრეტული ზომების შესახებ.

"საქართველოს საკითხი არაერთხელ გახილულა და შემდეგი მსჯელობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოების მხრიდან დაგეგმილია 16 დეკემბერს საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე და იმედი მაქვს, ამ სხდომის შემდეგ შემეძლება მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ; რაც ახლა შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ამაზე ჩვენ უკვე ბევრი თვეა ვლაპარაკობთ - ამ ვარიანტებს შორის არის ასევე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთად", - თქვა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა ხალხს, რომელიც გაბრაზებამ და სასოწარკვეთამ გაიყვანა ქუჩაში და თქვა, რომ დაუშვებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა მშვიდობიან მომიტინგეებზე.

"მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას. ჩვენ სრულად გვესმის თქვენი გაბრაზების, გვესმის თქვენი სასოწარკვეთის. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება აქამდე ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი იყო. ეს იყო საქართველოს ყველა მთავრობის, მათ შორის საქართველოს ბოლო ხელისუფლების გამოკვეთილი სურვილი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვწუხვართ, რომ ძალა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიაში. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, მშვიდობიანი გზით გამოხატონ თავიანთი შეხედულებები", - თქვა ევროკავშირის ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნების" კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუკგვერდი "სინამდვილეში", რომელიც ძირითადად ხელისუფლების ოპონენტების, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მადისკრედიტებელ კამპანიებს ეწევა. ამ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ელჩის განცხადება სიცრუეა, რადგან ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით აჩერებს, სინამდვილეში კი ხელისუფლება მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და გეგმავს, რომ 2028 წლისთვის ამ შეთანხმების 90% შესრულებული ჰქონდეს.

"ოცნების" განცხადება მანიპულაციურია - პროცესის შეჩერების პირობებში, ასოცირების შეთანხმების შესრულებას გავლენა ვერ ექნება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროგრესზე. საქართველოს ამ პროცესში წინსვლისთვის სჭირდებოდა ჯერ 12 დათქმის, შემდეგ კი 9 ნაბიჯის შესრულება, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ეტაპობრივად გაჩნდა. როგორც 12 დათქმის, ისე 9 ნაბიჯის შესრულების მიმართულებით საქართველოს უმნიშვნელო პროგრესი აქვს, ბოლო წელს მიღებული სადავო კანონები კი - "უცხოეთის აგენტების შესახებ", ოფშორების შესახებ და ცენზურის დამწესებელი ჰომოფობიური საკანონმდებლო ცვლილებები - ამ პროცესში დამატებით ბარიერებად იქცა.

გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბრის საღამოს 6 საათზე გააცნო საზოგადოებას. მისი განცხადებიდან მალევე, სპონტანურად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე როგორც თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში.

29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ საპოლიციო ძალები იყენებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.

აქციის მონაწილეებიდან დაკავებულია 43 ადამიანი, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა 22 ჟურნალისტი. დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG