Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია თბილისში

პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

აქციების დაწყებიდან დაშავებულია ათეულობით დემონსტრანტი და ჟურნალისტი. დღემდე დაკავებულია 400-მდე ადამიანი. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე გადადოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.

13:20 30.11.2024

დღეს, 30 ნოემბერს, ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს ჟურნალისტებმა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დემონსტრაციებზე დაშავებულ კოლეგებს.

მედიის წარმომადგენლების თქმით, აპროტესტებენ იმ სისასტიკეს, რომელსაც აქციებისას სამართალდამცველები ჟურნალისტების მიმართ იჩენენ.

"ყველამ ნახა კადრები, როგორ გამიზნულად სცემეს ["ფორმულის" ჟურნალისტს] გურამ როგავას, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ეს ხდება იმიტომ, რომ გურამ როგავას, [ტვ "პირველის" ჟურნალისტ] მარიამ გაფრინდაშვილის ეთერებში ისინი ხედავენ თავის თავს", - უთხრა რადიო თავისუფლებას "ფორმულის" ჟურნალისტმა, ეკა ფხაკაძემ.

ქუთაისის მერიასთან შეკრებული ჟურნალისტები ასევე აპროტესტებენ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ტექნიკის დაზიანებას.

14:04 30.11.2024

ძმები მაისაშვილების მშობლები დიღმის იზოლატორთან გამთენიას მივიდნენ. მათი ერთი შვილი დაკავებულია, ერთი ნაცემი. დაზუსტებით ამ დრომდე არ იციან, სად გადაიყვანეს დაკავებული 24 წლის გიორგი მაისაშვილი, 23 წლის ზვიადის ცემის კადრები კი რადიო თავისუფლებასთან საუბრამდე რამდენიმე წუთით ადრე ნახეს.

„ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებითა და ულვაშით შვილი და დაგდებულს რომ შავებში ჩაცმული პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, იმ ბიჭის დედა ვარ, ახლა ვნახე კადრები, არ მაჩვენებდნენ, მიფრთხილდებოდნენ“, - ამბობს ელენე ჯანჯალია.

14:06 30.11.2024

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელებში ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ის "მტკივნეულს და ემოციურს" უწოდებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს.

14:09 30.11.2024

ფეხბურთელი ძალადობას გმობს და წერს, რომ პოზიცია არასოდეს შეუცლია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა. საქართველოს ადგილი ევროპაშია“, - ბუდუ ზივზივაძის ინსტაგრამ-სთორი 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG