Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუდუ ზივზივაძე: „შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება“


„შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება“, - დაწერა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ინსტაგრამ-სთორიში. 

ფეხბურთელი ძალადობას გმობს და წერს, რომ პოზიცია არასოდეს შეუცვლია საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

„ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასოდეს შეცვლილა. საქართველოს ადგილი ევროპაშია“, - ბუდუ ზივზივაძის ინსტაგრამ-სთორი 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.

უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში. გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს ასზე მეტი მომიტინგე.

29/30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტებს სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს წრე, კედელთან მოიმწყვდიეს - და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.

არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG