29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება (166-ე და 173-ე მუხლები), რაც როგორც ჯარიმას, ისე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ზვიად რატიანის სასამართლო 2 დეკემბერს, 5:30 საათზე გაიმართება. მისი ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, რატიანის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, თუმცა ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
ზვიად რატიანმა თავი ამოიცნო კადრებში, რომელიც 29 ნოემბერს ფეისბუკით გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ უსწორდება პოლიცია მამაკაცს.
დღეს გაწერეს კლინიკებიდან ონლაინგამოცემა "პუბლიკის" ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი და "TV პირველის" ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება გურამ როგავა.
კობახიძე: "ვნახეთ პოლიციის "ცალკეული ინციდენტები" და მომიტინგეების "სისტემური ძალადობა"
ირაკლი კობახიძე 29-30 ნოემბრის ღამის დარბევისას სამართალდამცველების "ცალკეულ ინციდენტებზე" საუბრობს და "სისტემურ ძალადობაში" ადანაშაულებს პროევროპული აქციის მონაწილეებს. მისი თქმით, "გამოძიება ორივე მიმართულებით წარიმართება".
30 ნოემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა 29-30 ნოემბრის ღამის დემონსტრაციას, რომელიც პოლიციამ დაარბია.
ირაკლი კობახიძემ პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბება "ცალკეულ" და "სამწუხარო" ინციდენტებად შეაფასა, დემონსტრაციის მონაწილეები "ბრუტალურ ძალადობაში" დაადანაშაულა.
"ერთ მხარეს იყო ძალადობა, მეორე მხარეს იყო ინციდენტები", - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
პრესკონფერენციის განმავლობაში მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გუშინდელი დემონსტრაცია "არ იყო მშვიდობიანი".
"ჩვენთვის ორივე მიმართულებით არის მიუღებელი ძალადობა, შესაბამისად გამოძიებაც უნდა იყოს წარმართული ორივე მიმართულებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელ ფაქტებს უწოდებს პოლიციის მხრიდან "ინციდენტს", ირაკლი კობახიძემ გამოყო შემთხვევა, როცა პოლიციელი წაქცეულ აქციის მონაწილეს წიხლს ურტყამს. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
"არ შეიძლება ამან არ აღგაშფოთოს", - თქვა კობახიძემ ამ შემთხვევაზე საუბრისას და დასძინა, რომ პოლიციელმა "გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას".
მან ასევე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრსა და "თითოეულ პოლიციელს", რომლებიც, მისი თქმით, "საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებაზე თავდასხმას იგერიებდნენ".
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
„ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან“
„უნდა შეწყდეს ძალადობა, საქართველოს მომავალი არის ევროპა.
ეს გზა მოითხოვს ერთიანობას და მშვიდობისადმი ერთგულებას. ქართველებო, თქვენს გვერდში ვარ!”
ფორუმი