Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხვიჩა კვარაცხელია: "შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია!"


ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელებში ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ის "მტკივნეულს და ემოციურს" უწოდებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს.

"მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი, მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!", - წერს კვარაცხელია.

ფეხბურთელი, რომელიც იტალიური კლუბის, "ნაპოლის" ღირსებას იცავს, "ისტორიულ არჩევანს" უწოდებს საქართველოს ევროპულ კურსს:

"ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა", - დაწერა მან.

ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან სხვა სპორტსმენები და ცნობილი სახეები.

"სირცხვილია!" - დაწერა ინსტაგრამზე ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა და პოსტს დაურთო რადიო თავისუფლების ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიციელი წიხლს წაქცეულ მომიტინგეს.

29-30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო და გამთენიამდე გააგრძელა. 06:15 საათისთვის პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.

შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაკავებულია 107 პირი, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

შსს ამბობს, რომ დაშავდა 10 პოლიციელი, დაშავებული დემონსტრანტების ზუსტი რიცხვი უცნობია.

აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკეზე ჰყვებიან. ვრცელდება მონათხრობის ამსახველი კადრებიც.

29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.

უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.

სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.

ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პროტესტის პირველ დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ 43 ადამიანი დააკავეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG