პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, - რომელსაც პარლამენტი 25 ნოემბერს დაამტკიცებს, - სამი მინისტრი იცვლება.
მინისტრობის კანდიდატები - პარლამენტის წევრები - კობახიძემ 25 ნოემბერს წარადგინა მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე:
საგარეო საქმეთა მინისტრი:
მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პოსტს 2022 წლის 4 აპრილიდან იკავებდა.
ბოჭორიშვილი 2020-24 წლების (მე-10 მოწვევის) პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
იუსტიციის მინისტრი:
ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს რატი ბრეგაძეს, რომელიც 2021 წლის 1 აპრილიდან იკავებდა პოსტს.
ოხანაშვილი ბოლო მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრი:
დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს ოთარ შამუგიას, რომელიც პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა.
სონღულაშვილი 2020-24 წლების პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს და განაცხადა, რომ სამივე მათგანი განაგრძობს მაღალ თანამდებობებზე მუშაობას.
„დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, - თქვა მან.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, 25 ნოემბერს, ახალი პარლამენტი იკრიბება.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.
პარლამენტის პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.
იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, - როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:
- „არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
- მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
- მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.
ფორუმი