Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბჟანია: "მეეჭვება, სალომე ზურაბიშვილი სიმპათიებს განიცდიდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ"


ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი
ასლან ბჟანია, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე აფხაზებისადმი სოლიდარობაზე.

„ძლიერ მეეჭვება, სალომე ზურაბიშვილი სიმპათიებს განიცდიდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ", - განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ბჟანიამ.

„ვფიქრობ, ის ასეთი პრინციპით ხელმძღვანელობს: „რაც უარესი, მით უკეთესი“. ამიტომაც ულოცავს. ის არაა დაინტერესებული იმაში, რომ აფხაზეთის სახელმწიფო შედგეს, ეს ნათელი და გასაგებია. მე მის მილოცვას ასეთნაირად აღვიქვამ", - თქვა ბჟანიამ.

15 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიულად დაგმო ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები და სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზეთის მცხოვრებლებს, რომლებიც, მისი თქმით, „ეწინააღმდეგებიან რუსული კანონმდებლობის მიღების მცდელობებს“.

ასლან ბჟანია ადგილობრივმა ოპოზიციამ აიძულა გადამდგარიყო დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან.

დე ფაქტო რესპუბლიკის "პრეზიდენტის" მოვალეობას "ვიცე-პრეზიდენტი" ბადრა გუნბა შეასრულებს. "პრემიერ-მინისტრის" პოსტზე "პარლამენტის ყოფილი სპიკერი" ვალერი ბგანბა დაინიშნა.

სოხუმში ვითარება 15 ნოემბერს დაიძაბა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დე ფაქტო პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.

15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა ადგილობრივი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამომწვევი, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს შეთანხმება რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და არაერთ შეღავათს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG